„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს იმ პერსპექტივებს აკარგვინებს, რასაც ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღებს.
დათუშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება შეაფასა, რომელმაც ბრიუსელში, ქართულ მედიასთან თქვა, რომ “ქართული ოცნება” არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის სურვილს”. მისი თქმით, თუ საქართველო ევროკავშირს საბოლოოდ დაშორდება, “აღმოჩნდება ჩიხში, სადაც რუსეთი რა ძვალსაც გადმოაგდებს, ის უნდა გაღრღნას”.
„საქართველოს ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეს შორდება- საქართველოს 900 ათასზე მეტ პენსიონერს, რომლის რიცხვიც მზარდია, ჰქონდეს ისეთი პენსია, რომელიც მისცემს საშუალებას, ღირსეული სიბერე ჰქონდეს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში არის. საქართველოს ხელისუფლება 700 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველს უზღუდავს იმას, რომ ჰქონდეს ღირსეული სამუშაო ადგილი ან შემწეობა. საქართველოს ხელისუფლება ათასობით სტუდენტს და აბიტურიენტს უზღუდავს შესაძლებლობას, მიიღოს ხარისხიანი განათლება იმისთვის, რომ თავისი სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. საქართველოს ხელისუფლება ამას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აკეთებს. იმხელა სიკეთეს კარგავენ საქართველოს მოქალაქეები ევროპასთან და ევროკავშირთან დაპირისპირებით, ჩემი აზრით, სხვა საკითხზე მეორეხარისხოვანია დღეს საუბარი. ხელისუფლება ამ ყველაფერს აკეთებს იმის ხარჯზე, რომ მთლიანად კლავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. ის, რომ ევროკავშირიდან ასეთი შეფასებები მოდის, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია. ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ყურადღებას გვაქცევენ და საქართველოზე შეშფოთებას გამოთქვამენ, ეს არის იმის დამსახურება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს და საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება იყო ევროკავშირში გაწევრიანება. ეს თუ ასე არ მოხდა, ეს ქვეყანა ათეულობით უნდა დაემშვიდობოს ღირსეულ პენსიებს, ხელფასებს, ხარისხიან განათლებას, სწორ რეგულაციებს, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, საერთაშორისო ინვესტიციას და უნდა იქცეს ჩიხად, სადაც რუსეთი რა ძვალსაც გადმოაგდებს, ის უნდა გაღრღნას. ჩვენ ამას ვუპირისპირდებით და ამას მიანიშნებს ყველა ეს განცხადება. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე პერსპექტივას „ქართული ოცნება“ რეალობად აქცევს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისარმა მარტა კოსიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება. მისი თქმით, გააგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რათა მთავრობას უთხრათ, რომ მართლები არ არიან.