ვალერი ჩეჩელაშვილი - როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთონ რუსებმა, ცინიზმის კომპონენტები მაინც შემოაქვთ - რა ნდობაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ორი ტერიტორია

მეცინება ხოლმე, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთონ რუსებმა, ცინიზმის რაღაც კომპონენტები მაინც შემოაქვთ. საქართველოს ესენი აფასებენ და უყურებენ, როგორც მიკრო დონის მოთამაშეს, შესაბამისად, მის ინტერესებს არანაირად არ ითვალისწინებენ, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ჩეჩელაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ აშხაბადში დიდი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, რადგან პუტინისთვის კითხვები არ დაუსვამს და შესაბამისი აქცენტები არ გაუკეთებია.

„სამწუხაროდ, ის, რა დღეშიც ჩვენ აღმოვჩნდით, არის პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებში. რა აღიზიანებდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რუსეთს ყველაზე მეტად? - ჩვენი ევრო მისწრაფებები, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემების ჩვენი პოლიტიკა და ნატო-ში გაწევრიანების ჩვენი კურსი. ახლა ნატო-ზე ჩვენ დიდი ხანია, აღარ ვსაუბრობთ, ევროკავშირთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა, ძალიან კარგად ვხედავთ იმიტომ, რომ პრაქტიკულად ჩაჩეხილია კომუნიკაციის ყველა არხი და ჩვენ გვესხმის მხოლოდ მთავრობის კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან და ამავდროულად ამ კრიტიკას ყოველთვის მოჰყვება ის, რომ ევროკავშირი იტოვებს იმედს, რომ საქართველო შეცვლის თავის გეზს და დაუბრუნდება ევროპაში გაწევრიანების კურსს და ამასთან ერთად, ყოველთვის ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს.

რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შალვა პაპუაშვილის განცხადება ძალიან კარგი განცხადება იყო, სადაც ამბობს, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრე ვართ და ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაო. მე მინდა, მქონდეს იმედი, რომ ამ პრინციპულ მიდგომას ბატონი შალვა თავის კოლეგებთან ერთად შეინარჩუნებს, უბრალოდ, აღიარების ნაცვლად მე აღდგენას ჩავსვამდი იმიტომ, რომ ვიდრე 2008 წლამდე, როდესაც დე იურე აღიარებული ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა რუსეთს, ის ყველაფერ აკეთებდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირი გამოეთხარა და ამ პოლიტიკასაც უნდა გადახედოს რუსეთმა, არა მხოლოდ დე იურეს აღიარებას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ხელშეწყობაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივი და დე იურე აღდგენისთვის უნდა იყოს მისი პოლიტიკა მიმართული.

მეცინება ხოლმე, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთონ რუსებმა, ცინიზმის რაღაც კომპონენტები მაინც შემოაქვთ. მაგალითად, ადრე ლავროვი ამბობდა, კარგად იქცევიან ქართველები, ზრდასრულ პოლიტიკას აწარმოებენო, ესე იგი, მაგათ თვალში გავიზარდეთ. ახლა კალუგინმა რაღაც ხურდა ფულს შეგვადარა. ის დსთ-ს მეოთხე დეპარტამენტის უფროსია, საქართველოს კი ამ სივრცესთან საერთო არაფერი არ აქვს 2008 წლიდან მოყოლებული, მაგრამ ამაშიც არის მინიშნება - საქართველოს ესენი აფასებენ და უყურებენ, როგორც მიკრო დონის მოთამაშეს, შესაბამისად, მის ინტერესებს არანაირად არ ითვალისწინებენ.

პუტინმა აშხაბადში თქვა, რომ რეგიონში ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებითო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყაზახეთს და დანარჩენ მეზობლებს პუტინი სრულფასოვან ქვეყნებად არ თვლის.

ვფიქრობ, ძალიან კარგი შესაძლებლობა დაკარგა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომლის გამოსვლაც პუტინის გამოსვლის შემდეგ იყო, რომ შესაბამისი აქცენტები დაესვა და პუტინისთვის კითხვებით მიემართა, იმიტომ, რომ თუ მშვიდობასა და ნდობაზეა საუბარი, რა ნდობაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც ამ განცხადების პატრონს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ტერიტორია.

ჩვენ მოჩვენებითი მშვიდობა კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მყარი მშვიდობა, რომელიც ურთიერთ ინტერესების გათვალისწინების ფილოსოფიაზე იქნება დამყარებული“, - აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025