საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აქციის მონაწილეებს შეკრება/მანიფესტაციის კანონში შესული ცვლილებები პირადად განუმარტა და გააფრთხილა, რომ ახალი რეგულაციების აღსრულება „კანონის სრული სიმკაცრით“ მოხდება

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე მივიდა.

მან აქციის მონაწილეებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ახლახან შესული ცვლილებები პირადად განუმარტა და გააფრთხილა, რომ თუკი შეკრების ჩატარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება არ მოხდება, მათი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგება.

„ყველას მოგეხსენებათ, 12 დეკემბერს ცვლილებები შევიდა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში“. უკვე 5 დღეზე მეტია არ მოგიმართავთ შესაბამისი განცხადებით. თქვენი თანამოაზრის, მიხეილ ცაგარეიშვილის მიერ მომართული წერილი, სრულად შეუსაბამოა კანონით გათვალისწინებულ ნორმებთან. აქედან გამომდინარე, გაფრთხილებთ, დაიცვათ კანონით გათვალისწინებული ნორმები და იყოს თქვენი განცხადებები შემოტანილი. შემდგომ, დაელოდოთ პასუხს, რომელიც გამოქვეყნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე, სადაც შემდგომი მითითებები იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებით აღნიშნულ კანონს და არ იმოქმედებთ, შესაბამისად, თქვენი შეკრება მანიფესტაცია სამართალდარღვევა იქნება. აქციის მონაწილეების მიმართ 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული შესაბამისი კანონმდებლობით, ორგანიზატორის მიმართ 20 დღემდე. ასე რომ, მოგიწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაიცვათ კანონით გათვალისწინებული ნორმები“,- მიმართა ლევან მაისურაძემ აქციის მონაწილეებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებას პარლამენტთან შეკრებილი პირების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ისინი აღნიშნავდნენ, რომ კანონში ცვლილებებს „არ ემორჩილებიან“. პარალელურად ისმოდა შეძახილები: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, „ეს არის უკანონობა“, „არ ვაპირებთ, რომ თქვენს კანონებს დავემორჩილოთ“.

გარდა ამისა, აქციაზე მყოფმა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილმა სამართალდამცავს მიმართა და სთხოვა, განემარტა, როგორ უშლიდნენ ხელს აქციის მონაწილეები საზოგადოებას ფეხით გადაადგილებაში.

„მე მინდა გკითხოთ, აქ შეკრება არ შეგვიძლია? სად არის ასეთი ადგილი, სადაც [საზოგადოებას] ვუშლით ხელს? სად არის ასეთი ადგილი აქ, რომ განგვიმარტოთ? ეს ადგილია ხელშემშლელი მოძრაობისთვის? მაშინ, ყველგან საზოგადოებრივი სივრცეა, სახლის კარის გარეთაც საზოგადოებრივი სივრცეა, რას ნიშნავს?“ - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

„კანონით გათვალისწინებული ნორმებით, თუ მოქალაქეების გადაადგილებას უშლის ხელს, ეს უნდა იყოს შეთანხმებული, 5 დღით ადრე მინიმუმ. საზოგადოების გადაადგილებას არ უშლით ხელს? ეს არ არის საზოგადოებრივი სივრცე? დისკუსიაში შესვლას არ ვაპირებ, განგიმარტეთ, გაცნობეთ. კანონის სრული სიმკაცრით იქნება აღსრულებული აღნიშნული ცვლილებები“, - მიმართა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“, რომლის მიხედვით, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, კანონში იწერება, რომ დაუშვებელია ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნებით გადაკეტვა.

შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორს ეკისრება ვალდებულება, შეკრებისა ან მანიფესტაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს. გაფრთხილების მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სვლა-გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ შეთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი ან სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას და ასევე, ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას.

თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრება ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს - 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მონაწილეს ან ორგანიზატორს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის