ეს კაია კალასის მხრიდან [კითხვებისგან გაქცევის] ძალიან სუსტი მცდელობა იყო - არსებობს ლეგიტიმური კითხვები ბრიუსელის ფუნქციონირებასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათ კონკრეტული პასუხები სჭირდებათ და არა ბატონყმური კითხვა-პასუხი, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს, რომელმაც „რუსთავი2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე განმარტა, რომ საქართველოსგან განსხვავებით აშშ არ ცდილობს, ევროკავშირს შეუერთდეს.
მისი თქმით, “ასეთი ტიპის კითხვიდან გაქცევის ნაცვლად სასურველია, კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გაეცეს”.
“ეს კაია კალასის მხრიდან [კითხვებისგან გაქცევის] ძალიან სუსტი მცდელობა იყო. ზოგადად, ტენდენციაა, რომ ზედაპირული არგუმენტებით გაექცნენ კონკრეტულ კითხვებს. არსებობს ლეგიტიმური კითხვები ბრიუსელის ფუნქციონირებასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათ კონკრეტული პასუხები სჭირდებათ და არა ბატონყმური კითხვა-პასუხი... ეს არ არის ის მიდგომა, რასაც შეიძლება პარტნიორისგან ელი. ამიტომ, ასეთი ტიპის კითხვიდან გაქცევის ნაცვლად ვისურვებდით, რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გაეცეს. ჩვენ მრავალი წელია ვამბობთ, რომ საქართველოს ძალიან ლეგიტიმური კითხვები აქვს ბრიუსელის საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ კითხვებს კონკრეტული, პარტნიორული, კონსტრუქციული და გულწრფელი პასუხები სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოში გაგრძელდეს”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: „ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი იმ რიტორიკის პირობებში, რომელსაც იგი იყენებს ევროპული ბიუროკრატიისა და თავად ევროკავშირის მიმართ. ახლა მსგავსი ნარატივები აისახება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. რა არის თქვენი პასუხი ამაზე იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონის რიტორიკა ახლა თითქოს თბილისის პოლიტიკასთან თანხვედრაშია? მზად ხართ თუ არა, დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის შესრულებაში, თუ ეს თქვენი პოლიტიკის ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტს ავლენს საქართველოს მიმართ?“, რაზეც კალასმა განმარტა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აშშ არ ცდილობს ევროკავშირში შესვლას.
„განსხვავება ისაა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს ევროკავშირს შემოერთდეს. რა თქმა უნდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წავიკითხეთ, სასიამოვნო არ წასაკითხი არ არის, თუმცა ჩვენ მივიღეთ მიდგომა, რომ არ ჩავერევით ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში.
რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ ვიდრე გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება“, - აღნიშნა კაია კალასმა.