გიორგი შარაშიძე უმრავლესობას - აქციების დაშლაზე ირაკლი კობახიძის განცხადება უკვე არის დანაშაულის აღიარება - იცოდეთ, დრო მოვა, როცა აღარც უმრავლესობა გექნებათ და აღარც ის ფართო კონტექსტი იარსებებს, რომლის წყალობითაც ახერხებთ დანაშაულების დაფარვას!

ვინც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერას, როგორც ჩანს, არ აპირებთ, ამ გადაწყვეტილებით თქვენც თანაბრად გაიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ შესაძლო დანაშაულზე, რომლის ობიექტური გამოძიებით შეგიძლიათ თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ ხალხს. რა თქმა უნდა, თუ სიმართლე თქვენს მხარესაა და კანონით აკრძალული ქმედება არ ჩაგიდენიათ! - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

შარაშიძის თქმით, „BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება საკმარისზე მეტი საფუძველია ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნის“.

„მოგმართავთ „ოცნების“ 89-ვე დეპუტატს, ვინც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერას, როგორც ჩანს, არ აპირებთ: ამ გადაწყვეტილებით თქვენც თანაბრად გაიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ შესაძლო დანაშაულზე, რომლის ობიექტური გამოძიებით შეგიძლიათ თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ ხალხს. რა თქმა უნდა, თუ სიმართლე თქვენს მხარესაა და კანონით აკრძალული ქმედება არ ჩაგიდენიათ!

რატომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ადგილი ჰქონდა კანონით აკრძალული ნივთიერებების და აქციის დაშლისას არაპროპორციული ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ?

გადახედეთ თქვენივე ყოფილი და მოქმედი მინისტრების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, როცა გომელაური ერთს ამბობდა, გელა გელაძე მეორეს, კობახიძე კი იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ წყლის ჭავლში ნამდვილად მოხდა გარკვეული ნივთიერების გარევა, რაც დანაშაულის ნაწილობრივი აღიარებაა!

ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ციტატა: „ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე, თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული“.

გელა გელაძე, შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი, ციტატა: „ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა – 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერება შესყიდული. გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის "კამიტი.“

და ბოლოს, ირაკლი კობახიძე, ციტატა: „ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული.“

დიახ, ბატონი კობახიძის ეს განცხადება, რაც თქვენივე გამოძიებამაც დაადასტურა, უკვე არის დანაშაულის აღიარება, რადგან ვერ მოიყვანთ ვერცერთ სამართლებრივ აქტს, რომლის მიხედვითაც წყლის ჭავლში კანონით დაშვებული სხვა სპეციალური ნივთიერების სახეობები, მათი წყალში გარევის, დოზირებისა და კონცენტრაციის ნორმებია დადგენილი!

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება საკმარისზე მეტი საფუძველია ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნის, მით უფრო, როცა თავად აღიარებთ, რომ გამოიყენეთ კონკრეტული ნივთიერება და მისი წყალში შერევით ჩაიდინეთ ქმედება, რაც აკრძალულია საერთაშორისო სამართლით.

და თუ ეს ასე არაა, წარმოადგინეთ სამართლებრივი ნორმა, რომელიც არეგულირებს ქიმიური ნივთიერების წყალში შერევისას მისი დოზირების სტანდარტებს და მოხმარების ინსტრუქციას, რაც მხოლოდ კანონის ზედმიწევნით დაცვით უნდა ხდებოდეს მით უფრო მაშინ, როცა გამოიყენება ათასობით ადამიანის წინააღმდეგ და საფრთხის შემცველია მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

დრო მოვა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ყველა პასუხისმგებელი პირი შესაბამისად იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით.

5 დღეში ჩატარებული ე.წ. გამოძიებით გინდათ წერტილი დაუსვათ საქმეს, რომელიც სამართლიანად აღელვებს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, არა მხოლოდ მათ, ვისაც არ აქვს პასუხი, რა ტიპის ზიანი შეიძლება მიადგეს მათ ჯანმრთელობას გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ მათ, ვისაც არ სურს, ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მთავრობამ საკუთარი ხალხი შეიძლება ასე გაიმეტოს.

5 დღეში ჩატარებული გამოძიებით, დაადგინეთ წყალში გარეულ ნივთიერებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდა თუ არა?

დაადგინეთ, იყო თუ არა ეს ნივთიერება უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის როგორც დამოუკიდებლად გამოყენების, ისე წყალში შერევის შემდეგ, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ დამოუკიდებლად უვნებელი ნივთიერება წყალთან რეაქციაში შესვლის შემდეგ ბევრად დამაზიანებელი ეფექტის მატარებელი შესაძლოა ხდებოდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

ან რატომ უნდა ენდოს ხალხი თქვენს გამოძიებას, მაშინ როცა იგივე ნოემბერ–დეკემბერში ჩადენილ არცერთ უკანონობაზე რეაგირება არ მოგიხდენიათ! როცა არა თუ არავინ დაგისჯიათ, დღემდე საქმეც კი არ არის აღძრული არცერთი მოძალადის მიმართ, ვინც თბილისის ქუჩებში ძვლებში დაამტვრია ადამიანები და სასტიკად გაუსწორდა პროტესტანტებს პოლიციის დაკავების მანქანებში.

რის თქმა გინდათ, რომ ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ გამოჩენილი არაადამიანური სისასტიკე იყო პროპორციული და კანონიერი თუ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის სიკვდილისთვის გამეტება იყო ჰუმანური და ადეკვატური?

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს კითხვები არალეგიტიმურია, რომ მართლები ხართ და უკანონო არაფერი ჩაგიდენიათ, რატომ გაურბიხართ საგამოძიებო კომისიის შექმნას?

იმიტომ ხომ არა, რომ საგამოძიებო კომისია არ დატოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს და ყველაფერი საჯარო გახდება?!

საჯარო გახდება მათ შორის ის ფართო კონტექსტი, რომლის დადგენის აუცილებლობაზე სტრასბურგის სასამართლო საუბრობს, როცა შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ბრძანება 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში, ისევე როგორც 2019 წლის 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების შემთხვევაში, ერთი და იგივე ადამიანების ან ადამიანის მიერ იყო გაცემული.

მინდა დავასრულო იმით, რითაც დავიწყე – თქვენ შესაძლოა დღეს უარი თქვათ ჩვენს ინიციატივაზე და ეს საკითხი გამოუძიებელი დატოვოთ და როგორც თავად ამბობთ – დახუროთ, მაგრამ იცოდეთ, რომ დრო მოვა, როცა აღარც უმრავლესობა გექნებათ და აღარც ის ფართო კონტექსტი იარსებებს ამ ქვეყანაში, რომლის წყალობითაც ჯერ კიდევ ინარჩუნებთ ძალაუფლებას და ახერხებთ დანაშაულების დაფარვას!“,- განაცხადა შარაშიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის