„სილქნეტმა“ საზოგადოებას „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. ტრადიციულ გალა ვახშამს დონორები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და სამხედრო მისიების და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები, საჯარო და კერძო პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ფონდის ბენეფიციარები - ვეტერანები და სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავდნენ.
2025 წლის განმავლობაში ფონდის 160 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. 489 000 ლარით დაფინანსდა 63 სამხედრო მოსამსახურის, 346 000 ლარით - 97 ვეტერანის სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი საჭიროებები. მოზიდული სახსრებით ფონდმა უზრუნველყჰო ასევე ბენეფიციართა ოჯახებისთვის სამედიცინო სერვისები და სხვადასხვა სასწავლო და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს სილქნეტმა დააფუძნა. კომპანია გახდა ფონდის მთავარი შემომწირველი და დღემდე ფონდში 2 381 000 ლარის დონაცია განახორციელა. გარდა ამისა, ფონდს ყოველწლიურად არაერთი კომპანია და კერძო პირი უერთდება. 2025 წლისთვის ფონდმა შემოწირულობის სახით მიიღო 744 947 ლარი: 605 403 ლარი იურიდიულ პირთა შემოწირულობაა, 139 544 ლარი - ფიზიკურ პირთა შენატანი.
ღონისძიებაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი - გაფორმდა მემორანდუმი ფონდსა და “საბადო ლიდერობის აკადემიას“ შორის, რომელიც ითვალისწინებს ფონდის ბენეფიციარების არასრულწლოვანი შვილებისთვის აკადემიის საგანმანათლებლო აქტივობებზე უფასო წვდომას.

გიორგი რამიშვილი კომპანია სილქნეტის და “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” დამფუძნებელი:
“წელს ფონდმა და თავდაცვის სამინისტრომ დაჭრილ მებრძოლთა, ვეტერანთა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ერთობლივად 1 150 000 ლარი გაიღეს, საიდანაც ფონდის წილმა 835 000 ლარი შეადგინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერა გავრცელდა არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე. სულ უფრო მზარდია დახმარება ჩვენი გმირების და ასევე მათი მეუღლეების და შვილებისთვის განათლებაში, ახალი უნარების შეძენაში და მცირე საწარმოების დაარსებაში. ეს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი მებრძოლების ყოველდღიურობის, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
სანამ იქნება სილქნეტი, ეს ფონდიც იარსებებს. ვამაყობთ, რომ ამ ფონდის ნაწილი ვართ. დიდი მადლობა ჩვენს გმირებს თავდადებისთვის, დიდი მადლობა ფონდის შემომწირველებს და ფონდის ყველა მეგობარს.“
დავით მამულაიშვილი სილქნეტის და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალური დირექტორი:
„გასულ წელთან შედარებით ფონდის დახმარება, პრაქტიკულად, ორჯერ არის გაზრდილი. ჩვენ, სილქნეტისა და ყველა სხვა მხარდამჭერის ერთიანი ძალისხმევით 2025 წელს, ვფიქრობ, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გავუწიეთ დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. მნიშვნელოვანია, რომ დაჭრილთა მეუღლეებისთვის დავაფინანსეთ პროფესიული გადამზადების სხვადასხვა კურსი, სადაც ფონდის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ქონდათ, დაუფლებოდნენ პროფესიას და მიეღოთ ის საბაზისო ცოდნა, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარებათ საკუთარი მცირე საწარმოს გახსნაში. უკვე არაერთი წელია, ბენეფიციარების არასრულწლოვან შვილებსისთვის, ინგლისური ენის შემსწაველ კურსებს, ფონდთან ერთად დიდი ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს. ეს პროგრამა 100-ზე მეტმა ბავშვმა გაიარა. ასევე, წელს ფონდთან თანამშრომლობა დაიწყო დავით ბეჟუაშვილის საგანმანათლებლო ფონდის ინიციატივით დაარსებულმა სკოლამ - „ლიდერობის აკადემია საბადომ“. მინდა, ასევე აღვნიშნო, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის მხარდაჭერა. მათი ინიციატივით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია, ტარდება საქველმოქმედო მარათონი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად. მადლობას ვუხდი ყველა მხარდამჭერს. მიმაჩნია, რომ ყველა სახის მხარში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავაფასოთ ჩვენი გმირები და ვიზრუნოთ მათი და მათი ოჯახების საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაციისთვის“.

ფონდს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან. გასულ წელს ერთობლივი დაფინანსებით დაჭრილთა კალათბურთის გუნდს 10 ერთეული მჯდომარე ეტლი გადაეცა, ხოლო 2025 წელს, ფონდის ხელშეწყობით, მებრძოლთა გუნდმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარამშვილდოსნობის ინვენტარი მიიღო. გუნდები წარმატებით ასპარეზობენ საერთაშორისო ტურნირებში.
ფონდის მხარდამჭერთა შორისაა ბრიტანეთის საელჩოც. მათ მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, უკვე მეოთხე წელია ფინანსდება ფონდის ბენეფიციარების არასრულწლოვანი შვილების ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები.
ტრადიციად იქცა დაჭრილთა მხარდასაჭერი საქველმოქმედო გარბენის ორგანიზება, რომლის ინიციატორი თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციაა. უკვე მესამე წელია, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან ერთად“ ატარებენ სპორტულ ღონისძიებას, რომლის მიზანია საზოგადოებაში ფონდის შესახებ ცნობიერების ამაღლება. გარბენში რეგისტრაციიდან შემოსული თანხა სრულად ირიცხება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“.
წელს ფონდმა ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - დაჭრილი მებრძოლებისა და ვეტერანების მეუღლეებს პროფესიული გადამზადების კურსები შესთავაზა. ქალბატონები ტანსაცმლის კონსტრუირებისა და კერვის ექვსთვიან პროგრამას გადიან, რაც მათ საშუალებას მისცემთ დასაქმდნენ, შექმნან საკუთარი მცირე ბიზნესი და გაიუმჯობესონ სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობა.
სილქნეტი და “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” მადლობას უხდის თითოეულ დონორს მხარდაჭერისთვის და გმირ მებრძოლებზე ზრუნვისთვის.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია დონაციის განხორციელება ფონდის ვებ გვერდიდან და ასევე, ფონდის საქველმოქმედო ნომერზე ერთი ზარით - 0 901 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია.
გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!
(R)