„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, „ფორსაითის“ მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „რიკო ექსპრესმა“ 200 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა.
მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა“ 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა.
„ემისიის მიზნობრიობას 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და პორტფელის ზრდა წარმოადგენს. „რიკო ექსპრესის“ ბონდები 80%-ით უზრუნველყოფილია საკრედიტო პორტფელით, მისი ვადიანობა 5 წელს შეადგენს, საპროცენტო განაკვეთად კი განსაზღვრულია TIBR+3%.
„რიკოს ექსპრესის“ 200 მილიონი ლარის ემისია, რომელიც კომერციული ბანკებისგან სრულად დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტის, „ფორსაითის“ მხარდაჭერით განხორციელდა, ლარში დენომინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ემისიაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. აღსანიშნია, რომ „ფორსაითის“ მიერ წარმატებით განხორციელებული ემისია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს საფინანსო ბაზრის დივერსიფიკაციის და ალტერნატიული დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით.
დღესდღეობით, „რიკო ექსპრესი“ საქართველოში N1 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა პორტფელისა და კაპიტალის მიხედვით. 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, კომპანიის აქტივებმა 1 მილიარდ ლარს მიაღწია. „რიკო ექსპრესი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 70 ფილიალს აერთიანებს და 2.5 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, აღნიშნული ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი თანდათან იძენს ალტერნატიული დაფინანსების მნიშვნელოვან როლს.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი წევრი კომპანიების „ფორსაითისა“ და „რიკო ექსპრესის“ თანამშრომლობით განხორციელდა საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ლარში დენომინირებული ემისია. აღნიშნული ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი თანდათან იძენს ალტერნატიული დაფინანსების მნიშვნელოვან როლს, რაც ხელს უწყობს საფინანსო სექტორის დივერსიფიკაციასა და კერძო სექტორის მდგრად განვითარებას, რაც ცალსახად პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ცნობით, „ფორსაითის“ ჯგუფში შედის როგორც ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსი“, ასევე, ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“. „ფორსაითი“ კლიენტებს სთავაზობს როგორც მრავალფეროვან საინვესტიციო პროდუქტებს, ასევე, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ მომსახურებას. ამასთან, „ფორსაითი“ პირველი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მართავს საქართველოში პირველ და ამ ეტაპზე, ერთადერთ საცალო (ავტორიზებულ) საინვესტიციო ფონდს „ფორსაითის ლარის ფონდს“.