საქართველოს ძალიან ბევრი სირთულე აქვს ნანახი და გამოვლილი, დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - ის, რომ რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ მეგობრული, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ - არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ყველა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ყველაფერი ცხადი და ნათელი გახადა.
„ორმაგი სტანდარტის ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. გადავხედოთ მათ მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას, რა თქმა უნდა, ტყუილითა და სიცრუით გაჯერებულს, რაც ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. ამ ტიპის ბევრი სხვა განცხადებაც შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამაზე დავიწყეთ საუბარი, რადგან შიგნიდან ბევრი რამ უკეთესად ჩანდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, შეიძლება, ბევრი რამ გაუგებარი იყო, თუმცა დღეს, იმის შემდეგ, რაც მოხდა და რაც ხდება მსოფლიოში, ყველაფერი ხელის გულზე დევს, ყველაფერი ცხადი და ნათელია.
ჩვენ არავის არ უნდა მოვუსმინოთ. ის, რომ რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ მეგობრული, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ - არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე. ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან. შესაბამისად, ჩვენ გონიერი ხალხი ვართ, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: „ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი იმ რიტორიკის პირობებში, რომელსაც იგი იყენებს ევროპული ბიუროკრატიისა და თავად ევროკავშირის მიმართ. ახლა მსგავსი ნარატივები აისახება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. რა არის თქვენი პასუხი ამაზე იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონის რიტორიკა ახლა თითქოს თბილისის პოლიტიკასთან თანხვედრაშია? მზად ხართ თუ არა, დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის შესრულებაში, თუ ეს თქვენი პოლიტიკის ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტს ავლენს საქართველოს მიმართ?“, რაზეც კალასმა განმარტა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აშშ არ ცდილობს ევროკავშირში შესვლას.
„განსხვავება ისაა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს ევროკავშირს შემოერთდეს. რა თქმა უნდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წავიკითხეთ, სასიამოვნო არ წასაკითხი არ არის, თუმცა ჩვენ მივიღეთ მიდგომა, რომ არ ჩავერევით ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში.
რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ ვიდრე გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება“, - აღნიშნა კაია კალასმა.