ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმების და ადმინისტრაციის ლიკვიდაციის ინიციატივა პარლამენტმა მესამე - საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. გადაწყვეტილება 83-ხმით, ერთხმად მიიღეს.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულია ორი კანონი - „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ კანონი და “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ კანონი.
დროებითი ადმინისტრაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება ლიკვიდირებული.
„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს შესაძლებლობა წერტილი დავუსვათ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის იმ მოღალატეობრივ ეპოპეას, რაც მათ ხსენებული საკითხის ირგვლივ 2005-2008 და მომდევნო წლებში დაატრიალეს. გრძელდებოდა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა.
თავის დროზე, ამ ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის შექმნით ის ხაზი გააგრძელეს, რაც თავის დროზე - 1920-იან წლებში საქართველოში ბოლშევიკებმა შემოიტანეს. ჩვენ იმ სამართლებრივ სტატუს-კვოს უნდა დავუბრუნდეთ, რაც 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და მისმა ხელმძღვანელმა ზვიად გამსახურდიამ მიიღო, როცა ავტონომიური ოლქი გაუქმდა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა, რომელიც აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე მომხსენებელი იყო.