13 600 ლარი არის დღეს ფრაქციისა და კომიტეტის თავმჯდომარის ხელფასი და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასმა 17 ათას ლარს მიაღწია. წარმოუდგენლად თავხედი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო, როდესაც პენსიას 20 ლარით ზრდი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ბიუროკრატია წარმოუდგენელ ფუფუნებაში იმყოფება და ის ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გოცირიძის შეფასებით, „ფლანგვის ბიუჯეტია“.
„რამდენჯერ გაიზარდა საქართველოში პენსია 13 წლის განმავლობაში? კატასტროფული მაჩვენებელია, ამაზე დამამცირებელი და სამარცხვინო ქვეყანაში, ამ 13-წლიანი მმართველობის ისტორიაში არაფერი მომხდარა. როდესაც პენსია იყო 125 ლარი და გახდა 350 ლარი, რამდენჯერ გაიზარდა პენსია? უხეშად რომ ვთქვათ, გაიზარდა სამჯერ, მაგრამ სინამდვილეში, 350 ლარი პენსია, თუ მას ფასების ზრდას გამოვაკლებთ და დავიყვანთ იმ მსყიდველობით უნარიანობამდე, რომელიც იყო 2012 წელს, 13 წლის განმავლობაში გაიზარდა მხოლოდ 65 ლარით. დღევანდელი 350 ლარი უდრის იმ ფასებში 190 ლარს. გამოდის, რომ წელიწადში პენსია იზრდებოდა მხოლოდ ექვსი ლარით.
მე ვიყავი დეპუტატი, მქონდა ყველაზე მაღალი ხელფასი პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის შემდეგ. ვიყავი პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, მანამდე ვიყავი ფრაქციის თავმჯდომარე. ხელფასს ხელზე 3 500 ლარს ვიღებდი.
ერთი წლის თავზე ორჯერ მოხდა ზრდა და რიგითი დეპუტატის ხელფასი ახლა ორჯერ არის გაზრდილი ანუ ერთი წლის განმავლობაში რიგითი დეპუტატის ხელფასი გახდა 12 800. მე რომ 4 ათასი მქონდა გამოწერილი და ხელზე რომ ნაკლებს ვიღებდი, 13 600 ლარი არის დღეს ფრაქციისა და კომიტეტის თავმჯდომარის ხელფასი და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასმა მიაღწია 17 ათას ლარს. წარმოუდგენლად თავხედი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო, როდესაც პენსიას ზრდი 20 ლარით.
საქართველო მთელს ევრაზიულ სივრცეში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რიგით დეპუტატს ხელფასი პენსიონერის საშუალო პენსიაზე 30-ჯერ მეტი აქვს. საქართველოს შემდეგ მეორე ქვეყანა, სადაც პენსიის შეფარდება დეპუტატის ხელფასთან არის 24-ჯერ მეტი, ეს არის რუსეთი. ევროპის ქვეყანაში ერთადერთი ქვეყანა, სადაც საშუალო პენსიაზე 10-ჯერ მეტია დეპუტატის ხელფასი, ეს არის უნგრეთი.
ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, უნგრეთის გამოკლებით, საშუალო პენსიაზე დაახლოებით 4-7-ჯერ მეტია პარლამენტის წევრის ხელფასი.
ეს არის ის, რაც ჩანს და რაც არ ჩანს? ახლა მანქანებს ყიდულობენ, ყველა სამინისტროში ახალი მანქანები ეყოლებათ, პარლამენტში ავტომობილების პარტიის განახლება იგეგმება. საქართველოს პარლამენტში ყოველ მეორე დეპუტატს ჰყავს პერსონალური ავტომობილი.
წარმოუდგენელ ფუფუნებაში იმყოფება საქართველოში ბიუროკრატია. ასობით მილიონი იხარჯება ფუფუნებაში, მივლინებაში, ერთი სტუმარი რომ ჩამოვა, ოცი ადამიანი მიჰყვება რესტორანში, რომელსაც წარმომადგენლობითი ხარჯი ჰქვია. ეს ბიუჯეტი, რაც ახლა მიიღეს, ეს არის ფლანგვის ბიუჯეტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.