ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025

პრემიერი აშშ-ს კვლავ სთავაზობს ურთიერთობის დაწყებას “სუფთა ფურცლიდან” - სადამდე გაგრძელდება “მოთმინების რეჟიმი”

რას ითხოვს ბრიუსელი თბილისისგან და რას ელოდება “ოცნება” - “გვაქვს იმედი, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება”

დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება

* * *

პრემიერი აშშ-ს კვლავ სთავაზობს ურთიერთობის დაწყებას “სუფთა ფურცლიდან” - სადამდე გაგრძელდება “მოთმინების რეჟიმი”

“საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ-ს კვლავ სთავაზობს ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას - ირაკლი კობახიძე გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას “კონკრეტული გზამკვლევით”, სადაც ასახული იქნება “ორმხრივი სარგებელი”. თუმცაღა, ჯერ აშშ-სგან შემხვედრი ნაბიჯები არ ჩანს, არც მათ შორის საელჩოს დონეზე. საქართველოს ხელისუფლებისგან მსგავსი შინაარსის განცხადება ბევრჯერ გაკეთდა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას არჩევნების შემდეგ. “ოცნება” ამბობს, რომ “მოთმინების რეჟიმშია და “პრაგმატულ პოლიტიკას” აწარმოებს. “თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ”, - განაცხადა პრემიერმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრემიერი აშშ-ს კვლავ სთავაზობს ურთიერთობის დაწყებას “სუფთა ფურცლიდან” - სადამდე გაგრძელდება “მოთმინების რეჟიმი”.

“ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან... ველოდებით აშშ-ის პოზიციას. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი თქმით, მთავარია, რომ ქვეყანამ განაგრძოს იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც აქვს არჩეული. კობახიძემ ისაუბრა აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებზე და თქვა, რომ აშშ-ში აშკარად ჩანს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და ე.წ. “დიპ სტეიტს" შორის, თუ ადმინისტრაციასა და არაფორმალურ ძალებს შორის ბრძოლაში, საბოლოოდ, არაფორმალური ძალები გაიმარჯვებენ, ევროკავშირის უკუსვლის პროცესი იქნება შეუქცევადი, ხოლო თუ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს, მეტი შანსი ექნება ევროკავშირს პოზიციების გასაძლიერებლად”. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ვაშინტონის დუმილი არ ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” განცხადებები არ ესმით. მისი თქმით, ეს არის შეგნებული პოზიცია, რადგან “ოცნებამ” აშშ-ს გზავნილები არ გაითვალისწინა და ვაშინგტონისგანაც საპასუხოდ იმას იღებს, რომ პასუხს არ სცემენ. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი თვლის, რომ დღეს აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი არაა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიცაა ასახული და ამიტომაც არაა პასუხი “ქართული ოცნების” შეთავაზებაზე ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების თაობაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვაშინგტონი რომ არ პასუხობს, ეს კი არ ნიშნავს, რომ არ ესმით, ეს არის შეგნებული პოზიცია. აშშ-ს ბოლო და ყოფილმა ელჩებმა საქართველო გააფრთხილეს იმ შედეგების შესახებ, რაც ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიას მოჰყვებოდა, რომელსაც “ქართული ოცნება” ბოლო წლების განმავლობაში აწარმოებდა, შესაბამისად აშშ-სგან ეს შეგნებული პოზიციაა. იმ პირობებში, როცა საქართველო ანტიდასავლური ძალების საყრდენი ხდება, ხელისუფლება ამ რიტორიკას იყენებს, დემოკრატიულ საზოგადოებას შორდება და უახლოვდება არალიბერალურ აქტორებს, როგორიცაა: ჩინეთი, ირანი, რუსეთი და უარს ამბობს დასავლეთთან დაახლოებაზე, ასეთი ტიპის რეჟიმთან ურთიერთობა აშშ-სთვის საინტერესო არაა და ელჩი ამიტომაც არ ჰყავთ ჩვენთან დანიშნული. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო 33 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ. “ოცნებას” არ უჭირავს საგარეო პოლიტიკაში ისეთი პოზიციები, რომ აშშ-სთან რამის შეცვლა მოახერხოს, ისევე, როგორც ევროკავშირთან. მათი საგარეო პოლიტიკის გუნდი და თუნდაც ხედვა, ძალიან სუსტია, თუ შევადარებთ თუნდაც წინა ხელისუფლებას და ეს იმ შედეგებიდანაც ჩანს, რაც ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკაში გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თანხა ჩაიდო ლობისტებში და ა.შ. მაგრამ სიტუაცია არ იცვლება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ინტერესი არაა, აშშ-ში არანაირი ინტერესი არაა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მკვეთრადაა ასახული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, - რომელი ქვეყანაც უშუალოდ ჩვენ არ გვეხება, მათ დემოკრატიაში არანაირად არ ჩავერევითო. სხვა რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს? ეკონომიკურ-ფინანსური ინტერესი ნული - საქართველო ის ქვეყანა არაა, რომელსაც კატარის მსგავსად შეუძლია პირადად ტრამპს ერთ მილიარდ დოლარად ღირებული თვითმფრინავი აჩუქოს. როდესაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გვაქვსო, ტრამპმა უპასუხა - რომ გქონდეთ გამოგართმევდითო. ანდაც ისეთი ქვეყანა არ ვართ, არაბეთის მსგავსად პირველ ჯერზე აშშ-ში 500 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია ჩადოს, რომელსაც მერე კიდევ გაზრდის. ამასთანავე პირდაპირ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზები დგას, თან თბილისთან ახლოს და ტრამპის ადმინისტრაციას რა ინტერესი უნდა ჰქონდეს საქართველოს მიმართ?”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სისხლიანი კონფლიქტი და ნამდვილი ეთნიკური წმენდა იყო, რომელიც არა და არ ჩერდებოდა და ტრამპმა ნობელის პრემიის მიმართულებით გადადგა თავის ჭკუაში ნაბიჯი. ამ სურათმა მსოფლიო მედია მოიარა - ფაშინიანი და ალიევი ხელს ართმევენ და ამას ტრამპი ხელს ადებს, როგორც ბეჭედს. დღესაც კი ამბობს ხოლმე, რომ შევარიგეო, ამიტომ წავიდა ამაზე, დაარწმუნეს, რომ ნობელის პრემიისთვის კარგი პიარ ნაბიჯი იქნებოდა. აქ ამის მსგავსი არაფერია. სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში რჩებიან ადამიანები - შაჰინი, რიში და სხვები, რომლებიც იძახებენ გიგაურს და იმისგან ისმენენ რა ვითარებაა საქართველოში, ტრამპს კი ამ სენატორების ყოველი ხმა სჭირდება. “მეგობარი აქტი” დაბლოკა არა ადმინისტრაციამ, არამედ სენატში არ მოინდომა ვიღაცამ და მან დაბლოკა, ადმინისტრაცია არ ერევა და ესე იგი ინტერესი არაა”, - დასძენს მამრაძე.

რას ითხოვს ბრიუსელი თბილისისგან და რას ელოდება “ოცნება” - “გვაქვს იმედი, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება”

“ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის კრიტიკულმა განცხადებამ საქართველოს ხელისუფლების მისამართით დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა - ბრიუსელი დემოკრატიასა და მედიაზე ზეწოლაზე საუბრობს, “ქართული ოცნება” კი ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს და ურთიერთობის ჩიხში შესვლაში ევროპულ ბიუროკრატიას ადანაშაულებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან და ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ გაცხადებულ მიზნად რჩება. ”რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს... ვიდრე გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება”, - აღნიშნა კალასმა. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ “ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს მაშინ, როცა საზოგადოებას პატრიციებად და პლებეებად ყოფენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ითხოვს ბრიუსელი თბილისისგან და რას ელოდება “ოცნება” - “გვაქვს იმედი, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება”.

“ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეებს იმ პერსპექტივებს აკარგვინებს, რასაც ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღებს. მთავრობის მეთაურის შეფასებით კი ევროკავშირი უკან იხევს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება. “ეს არის იმ საქმიანობის შედეგი, რომელსაც ეწევა დღემდე ევროპული ბიუროკრატია. რაც შეეხება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად, ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას. თუკი რაიმე მოთხოვნა იქნება, ჯანსაღი პირობა, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ “არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ”. მან ისაუბრა უშულოდ იმაზეც, რამაც მმართველი გუნდის ეს დამოკიდებულება ჩამოაყალიბა” , - აღნიშნავს გამოცემა.

“მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია არ აღიარებს ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ისინი დღემდე გამოხატავენ წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. ეს არის მშვიდობის კურსი, პრაგმატული კურსი. იმ პირობებში, როდესაც არ იცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ბუნებრივია, არ გვაქვს არავითარი პროგრესი... არსებობს ლეგიტიმური კითხვები ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამას კონკრეტული პასუხები სჭირდება და არა ბატონყმური კითხვა-პასუხი”, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი კაია კალასს, რომელმაც “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის კითხვაზე განმარტა, რომ აზრით, “ასეთი ტიპის კითხვიდან გაქცევის ნაცვლად სასურველია, კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გაეცეს. “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, “ოცნება” საქართველოს იმ პერსპექტივებს აკარგვინებს, რასაც ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღებს”, - დასძენს გამოცემა.

“საქართველოს ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეს შორდება. იმხელა სიკეთეს კარგავენ საქართველოს მოქალაქეები ევროპასთან და ევროკავშირთან დაპირისპირებით, ჩემი აზრით, სხვა საკითხზე მეორეხარისხოვანია დღეს საუბარი. ხელისუფლება ამ ყველაფერს აკეთებს იმის ხარჯზე, რომ მთლიანად კლავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. ის, რომ ევროკავშირიდან ასეთი შეფასებები მოდის, ეს “ქართული ოცნების” ბრალია. ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ყურადღებას გვაქცევენ და საქართველოზე შეშფოთებას გამოთქვამენ, ეს არის იმის დამსახურება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს და საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება იყო ევროკავშირში გაწევრიანება. ეს თუ ასე არ მოხდა, ეს ქვეყანა ათეულობით უნდა დაემშვიდობოს ღირსეულ პენსიებს, ხელფასებს, ხარისხიან განათლებას, სწორ რეგულაციებს, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, საერთაშორისო ინვესტიციას და უნდა იქცეს ჩიხად, სადაც რუსეთი რა ძვალსაც გადმოაგდებს, ის უნდა გაღრღნას. ჩვენ ამას ვუპირისპირდებით და ამას მიანიშნებს ყველა ეს განცხადება. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე პერსპექტივას “ქართული ოცნება” რეალობად აქცევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თაზო დათუნაშვილი.

დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება

“ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გაძვირება დადასტურებულია. კონკრეტულად რამდენით მოიმატებს ტარიფი, ჯერჯერობით უცნობია. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ცნობილი გახდება საჯარო სხდომაზე, რომელიც დეკემბრის ბოლოს გაიმართება. დანამდვილებით ცნობილია, რომ წყალმომარაგების ტარიფი ამ ეტაპზე არ შეიცვლება და 2026 წლის ბოლოს გადაიხედება. რამ განაპირობა სატარიფო ცვლილება, რამდენად მყარი არგუმენტია სექტორში განხორციელებული ინვესტიციები და რაზე ჩივიან მომხმარებლები ყველაზე მეტად? - “რეზონანსის” კითხვებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია პასუხობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება.

“კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფებზე სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. ტარიფები დგინდება კომპანიების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის ანალიზისა და მარეგულირებელი აუდიტის შედეგად. სემეკში 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანიების მიერ დოკუმენტაციის ანალიზი და მათი გაფილტვრა იმ კომპონენტებისგან, რომელიც არაა უშუალო კავშირში ელექტროენერგიის ხარისხიან და უწყვეტ მიწოდებასთან. ტარიფების კომპონენტების განხილვა და სამომხმარებლო ტარიფის დადგენა ხდება საჯარო წესით, საჯარო სხდომაზე. ბუნებრივი აირის გადასახადის ზრდის მოლოდინი და წინაპირობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა რა მოცულობით, ეს ცნობილი გახდება საჯარო სხდომაზე, სადაც იქნება სრული განხილვა და გადაწყვეტილების მიღება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ნარმანია.

“ მოსახლეობის მომართვაზე ყოველთვის დაუყოვნებლივი რეაგირება გვაქვს. სემეკი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს მომსახურების ხარისხს როგორც ტექნიკურ, ასევე კომერციულ ნაწილში. მოქალაქეები მოგვმართავენ სხვადასხვა სადავო საკითხებზე, რომელიც აქვთ ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიებთან. ეს შეეხება როგორც დარიცხვებს, ასევე ქსელთან მიერთების საკითხებს. სემეკი განიხილავს თითოეულ მიმართავს ინდივიდუაურად და იღებს გადაწყვეტილებებს, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით. მაგალითად, მიმდინარე წლის განმავლობაში, სადავო საკითხების განხილვის შედეგად, მოქალაქეებს ჯამში ჩამოეწერათ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მლნ ლარი. ამასთანავე, სემეკის გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 5.72 მილიონი ლარის კომპენსაცია. მოქალაქეებს შევახსენებ, რომ თუ აქვთ სადავო საკითხები კომუნალურ კომპანიებთან, აუცილებლად მოგვმართონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ინვესტიციებს დარგში, რამდენიმე დღის წინ, დავამტკიცეთ ელექტროენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციები. მომდევნო 5 წელიწადში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები, მომარაგების მდგრადობის მიზნით 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ. სს “თელასი” 2026-2030 წლებში - 400 308 116 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ 2026-2030 წლებში განხორციელდება 1 564 060 886 ლარის ინვესტიცია. გეგმა ითვალისწინებს ჭკვიანი მრიცხველების გაზრდილი რაოდენობის მოწყობას და იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის”, - დაძენს დავით ნარმანია და შეკითხვაზე - “დაახლოებით რამდენით გაიზრდება დენის და გაზის გადასახადი და რა იგეგმება წყლის გადასახადთან მიმართებაში?” - პასუხობს:

“მოგეხსენებათ, ტარიფების გადათვლა არის კომპლექსური და მისი ცვლილება დამოკიდებულია არაერთ კომპონენტზე. ახალი ტარიფები ცნობილი გახდება საჯარო სხდომაზე და მაშინვე მიეწოდება საზოგადოებას. რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფს, ცვლილება არ იგეგმება”.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის