ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ – მეორე ფაზა 100 მენტორის და 350 ბენეფიციარის გადამზადებით დაასრულა. დასკვნით ღონისძიებაზე შეჯამდა პროგრამის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალების ჩართულობის ზრდას ტექნოლოგიურ სექტორში. ხუთთვიანი პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, მენტორობის სესიებში 100 მენტორი და 350 ბენეფიციარი ჩაერთო. სასწავლო მიმართულებები: კიბერუსაფრთხოება, ფრონტ-ენდ დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი. პროგრამის შერჩევის პროცესმა უზრუნველყო რეგიონული ჩართულობა, რის შედეგადაც მონაწილეთა მინიმუმ ერთ მესამედს დედაქალაქის გარეთ მცხოვრები პირები წარმოადგენდნენ. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული უნარები, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი სამუშაო ძალის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და ICT სექტორის გაძლიერებას. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და ქალების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. BTU-ს რექტორის, ნინო ენუქიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ პროფესიული კომპეტენციები და გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ტექნოლოგიურ სფეროში. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მსგავსი პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის.
დასკვნით ღონისძიებაზე მენტორებმა და პროგრამის მონაწილეებმა წარმოადგინეს მიღწეული შედეგები და წარმატების ისტორიები. ასევე განხილული იყო მენტორობის მნიშვნელობა ციფრული უნარების დეფიციტის შემცირებისა და ტექნოლოგიურ სექტორში ქალთა ჩართულობის ზრდის მიმართულებით.
პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ლიეტუვური ორგანიზაცია Women Go Tech-ის პარტნიორობით და ეხმიანება ევროკავშირის გენდერული თანასწორობის სტრატეგიასა და ციფრული უთანასწორობის შემცირების მიზნებს.
(R)