მოგისმენიათ ევროკავშირის ელჩის მხრიდან ერთი დაგმობა იმ ძალადობისა, რომელიც შარშან ხდებოდა? მოგისმენიათ ერთი სიტყვა, სადაც ევროკავშირის ელჩი, ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროკომისარი, ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტარის მძღოლი ან ვიღაც მაინც ევროპიდან იტყოდა, რომ პარლამენტის შენობის დაწვა არის მიუღებელი - ოთხ-ოთხ სიტყვიანი წინადადებებია და ამ წინადადებას ვერ ამბობს ევროკავშირის ელჩი. ამას არც გამოძიება უნდა, არც მტკიცებულებები უნდა, არც მოწმეების ჩვენება უნდა, ამას უნდა თვალის გახელა და დღეს თვალის გახელა არ უნდა ევროკავშირის ელჩს, რომ დაგმოს ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარედან ორგანიზებული დამხობის მცდელობისა და ქაოსისგან ქვეყანა არსებულმა უსაფრთხოების სისტემამ გადაარჩინა.
„როცა ჩვენ ვხედავდით დამხობის მცდელობას, რომელიც სრულად იყო გარედან ორგანიზებული და მხარდაჭერილი, საქართველოს უსაფრთხოების სისტემამ გადაარჩინა ეს ქვეყანა ქაოსს და იმ მოძალადეებს, რომლებსაც ჩვენ მაშინ ვხედავდით, რომლებიც პოლიციელებს თავს ესხმოდნენ დანით შეიარაღებულები, როცა ვხედავდით „მოლოტოვის კოქტეილებს“ როგორ ესროდნენ. უნდოდათ ადამიანი ცოცხლად დაეწვათ და ჩვენ ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ მოდი, ის ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს ცეცხლს უკიდებს და წვავს, გაათავისუფლეთო. ამას გვეუბნება დღეს ევროკავშირის ელჩი, როდესაც საუბრობს „უსამართლოდ დაპატიმრებულებზე“. ყველას გულისხმობს, გულისხმობს, ვინც ადამიანს ხორცს სწვავდა „მოლოტოვის კოქტეილით“, ვინც საკუთარი ცოლის სექსუალურ ექსპლუატაციას აკეთებდა იმისთვის, რომ ეშანტაჟებინა სხვები, მათ, ვინც ბარიკადების აგების ინსტრუქციებს გასცემდა, მათ, ვინც სასამართლოს შენობის გადაწვას ცდილობდა, მათ, ვინც პრეზიდენტის სასახლის აღებას ცდილობდა. ეს არის დღეს ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ბრიუსელი აღმოჩნდა თავისი მორალით. ეს იყო მაშინდელი რეალობა, რომ უნდოდათ საქართველოს დამხობა, არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს დამხობა და გადაბარება სხვებისთვის და ამისგან დაიცვა მაშინ შსს-მ. ამ პროცესში თუკი რაიმე ექსცესი მოხდა ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ საკითხს იძიებს შსს, პროკურატურა, გეტყვიან პასუხს. თუმცა ამავე დროს, მეორე მხარეს შევხედოთ - მოგისმენიათ ევროკავშირის ელჩის ერთი დაგმობა იმ ძალადობისა, რომელიც შარშან ხდებოდა? მოგისმენიათ ერთი სიტყვა, სადაც ევროკავშირის ელჩი, ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროკომისარი, ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტარის მძღოლი ან ვიღაც მაინც ევროპიდან იტყოდა, რომ პარლამენტის შენობის დაწვა არის მიუღებელი. ამ წინადადების ჩამოყალიბებას გამოძიება ხომ არ სჭირდება?! ამას ხომ უბრალოდ სჭირდება, რომ ევროკავშირის ელჩმა თვალები გაახილოს და შეხედოს იმას, როგორ იწვოდა საქართველოს პარლამენტი და ერთი წინადადება ჩამოაყალიბოს, რომ საქართველოს პარლამენტის დაწვა არის მიუღებელი. აი, ამ ოთხ სიტყვას, რატომ ვერ ამბობს ევროკავშირის ელჩი? ის, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი - ოთხ-ოთხ სიტყვიანი წინადადებებია და ამ წინადადებას ვერ ამბობს ევროკავშირის ელჩი. ამას არც გამოძიება უნდა, არც მტკიცებულებები უნდა, არც მოწმეების ჩვენება უნდა, ამას უნდა თვალის გახელა და დღეს თვალის გახელა არ უნდა ევროკავშირის ელჩს, რომ დაგმოს ძალადობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.