ევა შაშიაშვილი არის წამების ტოლფას მდგომარეობაში, რადგან ვერ იღებს ინფორმაციას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ევა შაშიაშვილის ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ განაცხადა.
ადვოკატმა პროცესზე შუამდგომლობა დააყენა და სასამართლოს ევა შაშიაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სტაციონარული დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა მოითხოვა.
"უკვე 6 თვეა ევა შაშიაშვილის შვილი სტაციონარში იმყოფება და უკვე 3 თვეზე მეტია, მას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაცია გამოთხოვილი მაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა სტაციონარული დაწესებულება ევა შაშიაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მაძლევს.
ვშუამდგომლობ, რომ სასამართლომ გამოითხოვოს სტაციონარული დაწესებულებიდან ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე მოხდა ევა შაშიაშვილის შვილის, სტაციონარში 3 თვიანი ვადის - 6 თვემდე გაგრძელება.
ევა შაშიაშვილი არის წამების ტოლფას მდგომარეობაში, რადგან ვერ იღებს ინფორმაციას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით",- განაცხადა მარიამ ხაჭაპურიძემ.
აღნიშნული შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა არ დააკმაყოფილა.
ამ ეტაპზე, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულების გამოკვლევა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.