თუ ვინმემ უნდა გადახედოს [გადაწყვეტილებებს], ეს არის თავად ბრიუსელი - ხელი უნდა აიღოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ფათურისგან, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბრიუსელის მხრიდან არის ესკალაცია და მეტი შანტაჟი და ამ ფორმატში, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი გადაწყვეტილებების გადახედვას არ აპირებს.
„საქართველომ თავის დროზე მიიღო ის გადაწყვეტილებები და გადადგა ის ნაბიჯები, რაც აუცილებელი იყო ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივი წესრიგისთვის და ჩვენ, ბუნებრივია, არ ვაპირებთ ამ ნაბიჯების გადახედვას უბრალოდ ცარიელი სიტყვების გამო. საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, თავად დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი მოსახლეობა და ჩვენ ამ პოლიტიკას მომავალშიც შევინარჩუნებთ.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ჩვენ ერთგული ვართ ევროპული მისწრაფებების. ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს არც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე, არც ქვეყნის სუვერენიტეტის თუ დემოკრატიის ხარჯზე, ამიტომ ჩვენ იმ პოლიტიკას ვახორციელებთ, რაც არის სასარგებლო მოსახლეობისთვის, რაც გადაითარგმნება საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ წინსვლაში. ეს არის ის პოლიტიკა, რასაც ვახორციელებთ. ჩვენი არც ერთი ნაბიჯი არასდროს ყოფილა პროაქტიულად რამის კეთება, ჩვენ ყოველთვის გვიწევდა რეაქტიულ რეჟიმში პასუხის გაცემა იმ პრობლემებზე, რომლის წყაროც, ხშირ შემთხვევაში, იყო თავად ბრიუსელი. ამიტომ თუ ვინმემ უნდა გადახედოს [პოლიტიკას] ამ ეტაპზე, ეს არის თავად ბრიუსელი, ხელი აიღოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ფათურისგან. თუ ეს იქნება, ბუნებრივია, ამ კანონებსაც აზრი დაეკარგება. ამ კანონებს ჰქონდა თავისი აზრი და მნიშვნელობა მაშინ, როცა ჩვენ ვხედავდით გარე ჩარევებს. თუ ამ ტიპის გარე ჩარევები და ზეწოლები, შანტაჟი შეწყდება, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თამამად დავსხდეთ დიალოგის რეჟიმში მაგიდის გარშემო და განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვაღელვებს, მათ აღელვებთ და ვიპოვოთ საერთო გამოსავალი. ამ ეტაპზე ჩვენ რასაც ვხედავთ, არის პირიქით, ესკალაცია და მეტი შანტაჟი. ამ ფორმატში, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ჩვენი გადაწყვეტილების გადახედვას,“ - განაცხადა მახაშვილმა.