პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს - კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ - განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის გათავისუფლდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნების სრული დაცვით, დაახლოებით 08:30 საათზე.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციურ ინფორმაციას. კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა. მსჯავრდებულმა ზურაბ ჯაფარიძემაც დაწესებულების დატოვებისას თან წაიღო საკუთარი ტანსაცმელი. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, შესაბამისად, გაურკვეველია, რას ეფუძნებოდა მსჯავრდებულის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მას პენიტენციური დაწესებულება უნდა დაეტოვებინა 10:30 საათზე. ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე.

პენიტენციურ დაწესებულებაში, დაწესებულების დღის განრიგის შესაბამისად, მუშაობა იწყება 08:00 საათზე. მსჯავრდებული ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების მოგვარებას დასჭირდა მცირე დრო და ის გათავისუფლდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნების სრული დაცვით დაახლოებით 08:30 საათზე. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ იმგვარი განცხადების გავრცელებისგან, რომელიც არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს რაიმე სახით ან ფორმით სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულება დღეს დაახლოებით 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, სწორედ ამ დროისთვის გეგმავდნენ დაწესებულებასთან მისი ოჯახის წევრები და მეგობრები მისვლას, თუმცა დაწესებულებიდან 08:00 საათზე გამოუშვეს, ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად კი სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მდგარი უცნობი ტაქსის მძღოლი დაეხმარა. "რამდენიმე დღის წინ ვიკითხე რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს, რომ მანდ უნდა ვყოფილიყავი 10:30 საათისთვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ დილით 08:00 საათზე გამომდგეს. არაფერი არ აუხსნიათ, უბრალოდ მითხრეს, რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი. ჩასალაგებელი არაფერი მქონდა და მაისურით ვიყავი. გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოუშვეს, იმიტომ, რომ ძალიან სქელი არისო და სტანდარტებში არ ჯდებოდა. მაისურით გამომიშვეს 08:00 საათზე. ტაქსი იყო გაჩერებული და იმის ტელეფონით დავურეკე ნატას, რომ მეთქვა გარეთ ვარო. მერე მეგობარმა მომაკითხა. გარეთ არავინ იყო, სრული სიცარიელე იყო, დაახლოებით ერთი საათი, შეიძლება 40 წუთი ვერ მოვახერხე ვერავისთან დაკავშირება, რომ გარეთ ვარ-მეთქი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა