ამხელა ახალი საარჩევნო კოდექსი მივიღეთ და საზღვარგარეთ უბნების გახსნის მიღმა, ერთი კრიტიკული შენიშვნაც არ მოგვისმენია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რაც დრო გადის, ყველა უფრო კარგად ხედავს მმართველი პარტიის მუდმივ ჩივილს, თუ როგორ ხდება არჩევნებში გარე ჩარევა.
„გამოსაყოფია დიდი პროექტები, როგორიცაა მაგალითად, „საარჩევნო კოდექსი“, რომელზეც საკმაოდ მოცულობითი სამუშაო ჩატარდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ კოდექსის შექმნაში იყო ჩართული. ეს არის მსხვილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც ფაქტობრივად, კრიტიკა ვერ მოვისმინეთ. ამხელა ახალი საარჩევნო კოდექსი მივიღეთ და მხოლოდ ერთი საკითხი იყო, რომელზეც იყო ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან საუბარი. ეს გახლდათ საზღვარგარეთ უბნების გახსნი საკითხი. ვფიქრობ, რაც დრო გადის, ყველა უფრო კარგად ხედავს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში, ევროპაში, ჩვენს მუდმივ ჩივილს, თუ როგორ ხდება გარე ჩარევა არჩევნებში, ასე რომ, აქაც ვხედავთ სრულ მხარდაჭერას ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან, რომ საქართველომ უზრუნველყოს არჩევნების დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, გარე ჩარევის მაქსიმალური გამორიცხვით ჩატარება. ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამას უწყობს ხელს. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამხელა ახალი საარჩევნო კოდექსი მივიღეთ და ამის მიღმა ერთი კრიტიკული შენიშვნაც არ მოგვისმენია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანი საქმიანობა გაწია ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის შემუშავებაში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, მან საუნივერსიტეტო და სასკოლო განათლების მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული რეფორმა საქართველოს საკუთარი უმაღლესი განათლებით სიამაყის გრძნობას დაუბრუნებს.
„რა თქმა უნდა, გამოვყოფ, ასევე, განათლების რეფორმის პაკეტს, რომელიც ჩვენ წლის ბოლოს მიიღეთ. რა თქმა უნდა ,რეფორმა განგრძობითი სამუშაოა, რომელსაც კვლავ დასჭირდება საქართველოს პარლამენტის არა მხოლოდ საკანონმდებლო ჩარევა იმისთვის, რომ შესაბამისი ჩარჩო შეიქმნას, არამედ საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება, რომ რეფორმამ განხორციელების პროცესში სრულად მიაღწიოს იმ მიზნებს, რომელიც დასახულია უმაღლესი და ზოგადი განათლების კუთხით. მართლაც ისტორიული პროცესია ამ მხრივ, რომელიც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ზოგად და უმაღლეს განათლებას და საქართველოს დაუბრუნებს საკუთარი უმაღლესი განათლებით სიამაყის გრძნობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვამაყობდეთ ჩვენი უმაღლესი განათლებით, მათ შორის, იმ თაობებს, რომელმაც ძლიერი საუნივერსიტეტო, თუ სასკოლო განათლება აქვთ გამოვლილი. ვხედავთ საერთაშორისო კონკურენციაშიც ჩვენი ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, რამდენად წარმატებული იყვნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს შვილებს მივცეთ შესაძლებლობა და ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ სახელმწიფომ მისცეს უმაღლესი ხარისხის ზოგადი და უმაღლესი განათლება და იყოს კონკურენტუნარიანი მთლიანად მსოფლიოში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.