კომპანია „არემჯი“ 17 დეკემბერს, ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სამთოელის პროფესიული დღე იზეიმა. წელს, 2024 და 2025 წლების წარმატებული სამთოელების დაჯილდოებასთან ერთად, კომპანიამ სამთო წარმოების 50 წლის იუბილე აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიება წარმოების 50 წლის ისტორიის ჩვენებითა და დამსახურებული თანამშრომლების მოგონებებით გაიხსნა. 2024-2025წლების გამორჩეული სამთოელები არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დააჯილდოვა.
მან შეაჯამა 2025 წელი და სტუმრებთან ერთად თვალი გადაავლო განვლილ ნახევარ საუკუნეს, რომელიც კაზრეთის წარმოებამ დღემდე გაიარა:
„დღეს ვზეიმობთ განსაკუთრებულ თარიღს - ჩვენს წარმოებაში სამთო-გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციაში გაშვების 50 წლის იუბილეს. განვლილი ნახევარი საუკუნე შრომის, სიმტკიცის, პროფესიონალიზმისა და ერთგულების ნათელი მაგალითია, რომელმაც ეს წარმოება აქამდე მოიყვანა. ეს 50 წელი, მხოლოდ წარსულის შეჯამება არ არის - ეს არის ძლიერი საფუძველი ჩვენი კომპანიის წარმატებული მომავლისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენთან დასაქმებული ადამიანები ქმნიან.
მოხარული ვარ, რომ 6 წლის წინ არემჯიში ამ ადამიანების დასაფასებლად საფუძველი ჩავუყარეთ პროფესიულ დღესასწაულის სამთოელის დღის აღნიშვნას,“ - აღნიშნა ჯონი შუბითიძემ.
კომპანიის ინიციატივით წელს პირველად სამთო საქმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საპატიო სამთოელის ჯილდო“ დაწესდა, რომელიც აკადემიკოს ლევან ჯაფარიძეს გადაეცა.
წარმოების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ ინიციირებული ორი პროექტი გააცნო სტუმრებსა და თანამშრომლებს არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა. პირველი პროექტი, სამთოელის კოსტიუმის ტარების მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას უკავშირდება. სამთოელის ახალი, საზეიმო კოსტიუმის შექმნაზე დიზაინერმა ანუკა ქებურიამ იმუშავა, მისი ნახვა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს თეთრ დარბაზში შეეძლოთ. ხოლო მეორე მასშტაბური პროექტი მოქანდაკე ვალერი ჯიქიას მიერ სამთო საქმისადმი მიძღვნილ მონუმენტზე მუშაობის დაწყებას უკავშირდება. მან მონუმენტის იდეა და ესკიზი, სამთოელებს და ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ჰოლოგრამული გამოსახულების მეშვეობით გაუზიარა.
„არემჯიმ“ სამთოელის პროფესიული დღე 2019 წელს დააწესა და ის ყოველი წლის 17 დეკემბერს აღინიშნება. 6 წლის მანძილზე კომპანიამ 43 დამსახურებული თანამშრომელი დააჯილდოვა.