„ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია.
კერძოდ, გეგელია გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ერთობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შეჯერებული სტრატეგია და თუ სტრატეგიაში არ არის ერთიანობა, სხვა ყველაფერი „ხუხულასავით ჩამოიშლება“.
ოპოზიციონერის თქმით, მის კოალიციას ექნება ზურაბ ჯაფარიძესთან საუბარი.
„რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ზურასთან [ჯაფარიძე] საუბარი გვექნება, როგორც ყოველთვის გვქონია, კარგი, საინტერესო მოსაუბრეა, კარგი თანამებრძოლი ქართულ დემოკრატიულ დიდ ბრძოლაში. ვფიქრობ, ერთობაზე ჩვენი პოზიცია ყველასთვის არის ცხადი. ერთობა სწორი შინაარსით და შინაარსობრივი სტრატეგიული თანხვედრით არის ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველი. მე ვფიქრობ, ერთობა ერთობისთვის არასდროს არავისთვის არის საინტერესო, ცოტა გაცვეთილიც კი გახდა ტერმინი ერთობა, ერთი ფორმატი, მეორე ფორმატი, მესამე, მეხუთე…საზოგადოების პერსპექტივიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რამდენად გაცვეთილი შეიძლება იყოს ეს ტერმინი. მოდი, თუნდაც კოორდინაცია ვთქვათ. ერთობა მაქვს ჩემი პარტიის წევრებთან და ვარ იმ პარტიაში, რომელშიც ვარ, მაგრამ კოორდინაცია მჭირდება ზურასთანაც და სხვა ძალებთანაც, ცხადია.
ჩვენ, "ძლიერი საქართველო-ლელო", ყოველთვის ვიყავით ამ კოორდინაციის, საერთო ფორმატების მომხრეები, ვფიქრობ, რომ საქმითაც ვაჩვენეთ, მათ შორის ქარტიაში მონაწილეობით, ისევე, როგორც გამოვედით სახალხო პარლამენტის ინიციატივით, ისევე, როგორც საერთო ნომრით, საერთო კანდიდატებით, საერთო რესურსებით მუნიციპალურ არჩევნებზე შესვლის იდეით, ანუ, ჩვენ ერთობის ფორმატებს მუდმივად და თანმიმდევრულად ვთავაზობდით საზოგადოებას და ჩვენს კოლეგებს და რადგან ვთავაზობდით ე.ი. ღია ვყოფილვართ ერთობისადმი ზოგადად...
და თუ ერთობა, ისევ და ისევ, არის ერთობა ერთობისათვის, რომ ვიღაც ოთახში იჯდეს, უბრალოდ საუბრობდეს და სატელევიზიო კადრს ქმნიდეს, არამედ, თუ ეს არის კარგად კოორდინირებული, შეჯერებული ერთიანი სტრატეგიის ირგვლივ, მშვიდობიან დემოკრატიულ ცვლილებაზე ორიენტირებული, ეს არის ჩვენთვის სწორი გზა და ხაზი და თუ ის არის საერთო ეთიკით განმსჭვალული, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საინტერესოა და მე ვფიქრობ, საჭიროცაა, მაგრამ ამას მინდა, ხაზი გავუსვა, ჩვენ უნდა გვქონდეს შეჯერებული სტრატეგია. თუ სტრატეგიაში არ ვართ ერთიანები, ყველაფერი სხვა ხუხულასავით ჩამოიშლება.
მე მინდა, რომ მუშაობდეს ეს ფორმატები. სტრატეგია უნდა გვქონდეს ერთიანი - როგორ ვკოორდინირებთ, რა მიზნისკენ, რა ფორმებით, რა შინაარსებით და ისევ და ისევ, თუ სტრატეგიაზე არის არსებითი ერთობა, თანხმობა, მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფორმატი საინტერესო უნდა იყოს”, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.