მოდი, გულწრფელები ვიყოთ, ასეთი შეფასებები 5-7 წლის წინ რომ ყოფილიყო, ძალიან დიდი სკანდალი და გამოსვლები იქნებოდა - ხომ ხედავთ, იმდენად უმნიშვნელო გახდა, რომ ამ ყველაფერზე გამეღიმა - ჩვენ საზოგადოება მოვამზადეთ, რადგან მართლები ვართ! აუცილებელი იყო, რომ ინფორმაცია, რასაც მე ვფლობ, მოქალაქეების უმრავლესობას ჰქონოდა - ამიტომაც არის უმნიშვნელო მათი შეფასებები! - ეს განცხადება მიხეილ ყაველაშვილმა ევროპარლამენტში, საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
ყაველაშვილმა “ზღაპარი“ უწოდა იმაზე საუბარს, რომ “თითქოს საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, ვიღაცის უფლებები ირღვევა და პოლიტიკური პარტიებს ებრძვიან“.
ყაველაშვილის თქმითვე, “ამ გზავნილით რადიკალურ ფრთას “გადააწოდეს“, რომ იქნებ როგორმე რამე ქნან, მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ და საცოდავ დღეში არიან“.
“მათი შეფასებები, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ქცევები, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება არამარტო ხელისუფლებას გვეხება, არამედ თითქმის მთელმა საქართველომ თქვენი საშუალებით დაინახა ნათელი სურათი, თუ როგორ მოქმედებენ ეს ადამიანები. თქვენ ჯონსონის დამოკიდებულება ნახეთ, რომ თურმე უკრაინის ნატოში მიღება არც არასდროს იგეგმებოდა - არადა პირველი მიზეზი იყო იმისა, რუსეთ-უკრაინის ომი რატომაც მოხდა!
წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ასე არ გვებრძოლა და ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული არ ყოფილიყო, არანაკლებ შედეგს მივიღებდით, რაც უკრაინაშია. ჩვენ იმასაც ვახერხებთ, რომ მათ გადაწყვეტილებებს ევროპის გადაწყვეტილებები არ დავარქვით და ამ ევრობიუროკრატიას, რომელსაც უკვე საკუთარ ქვეყნებშიც არა აქვს მხარდაჭერა, ვმიჯნავთ. ჩვენ უფრო მეტი ვიცით, ჩვენ ამ ყველაფერს ვგრძნობთ, გვჯერა და გვეიმედება, რომ ევროპის ქვეყნები თავიანთ ღირსებას დაიბრუნებენ. ევროპა ასეთ დღეში არ უნდა ჩავარდეს, რა კრიზისიც დღეს ევროპაშია.
ევრობიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ აცხადებს გზავნილებს, რომ თითქოს აქ არის დემოკრატიული უკუსვლა, აქ ვიღაცის უფლებები ირღვევა და პოლიტიკური პარტიებს ებრძვიან. ამ ზღაპრებს ჰყვებიან და ამ მილევად, თითქოს და, რადიკალურ ფრთას კვებავენ. ეს ერთ-ერთი საშუალებაა - “გადააწოდეს“, რომ იქნებ როგორმე რამე ქნან, მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ, აღარაფერი აღარ შეუძლიათ. საცოდავ დღეში არიან.
როგორც ქართველს გული ახალგაზრდებზე მტკივა, ვინც შეცდომაში შეიყვანეს. ის ადამიანები ციხეში ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი. ამ ადამიანებს ჰყავთ გამოკეტილი, რომ ერთმა არ გაბედოს და გაიაზროს, თუ რა შეცდომაში იყო შესული. იმდენად ჰყავთ იზოლირებული, რომ ერთმა მათგანმა არ უნდა გაბედოს და თქვას: - შეხედეთ, რას იძახის ჯონსონი, შეხედეთ რას იძახიან “გამჭვირვალობის კანონზე“, შეხედეთ როგორ ექცევიან უკრაინას, შეხედეთ რას იძახის ტრამპი, შეხედეთ რას იძახის ევრობიუროკრატია. ამ ახალგაზრდების მხრიდან ეს ყველაფერი სულ პირიქით იყო აღქმული და ეს ყველაფერი ხომ შეიცვალა?!
როგორც შეიძლება 20-25 წლის ბიჭი რომ ხარ, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და შენი პოზიციები დაგეცვა. ეს ყველაფერი გაფერმკრთალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს - ვიღას ეწინააღმდეგები?! გაბრაზებული ხარ, რომ პოლიციის მიმართ აგრესია გამოიჩინე და ამაზე გიპასუხეს?! ამის გამო უნდა იყო მოტივირებული, რომ ქვეყანა დაანგრიო და ხელისუფლება გადააყენო?! ეს ბრძოლა არ არის და ამიტომ ეს ადამიანები მეცოდებიან.
ხელისუფლება და საზოგადოება, რომელიც ყველაფერს ჯანსაღად უყურებს, გზიდან ვერ გადაუხვევს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.