ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მე-8 ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 14 ივლისს ევროკომისიამ ფორმალური წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობას, რომელშიც აღნიშნული იყო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების გაგრძელება და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე დეტალური ინფორმაცია მოითხოვა.
თუმცა, ევროკომისიამ საქართველოსგან მისი რეკომენდაციების შესრულებაზე რაიმე არსებითი პროგრესის შესახებ ვერ შეიტყო. უმეტეს შემთხვევებში კორექტირების შემტანი ზომები არ იქნა მიღებული, ხოლო რამდენიმე სხვაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის შეშფოთება საქართველოში მიღებულ რამდენიმე საკანონმდებლო აქტს უკავშირდება, კერძოდ: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის კანონს, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსა და შესწორებებს, რომლებიც შეტანილ იქნა გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური შეკრების კანონში, ადმნისტრაციული დარღვევების კოდექსში, მაუწყებლობის კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.
ევროკომისიის თქმით, აღნიშნული კანონები და შესწორებები ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. ხოლო საქართველოს მთავრობამ, შესწორებების ნაცვლად, ამ ზომების ღიად დაცვა დაიწყო ეროვნული სუვერენიტეტის წამოწევით და უგულვებელყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული ვალდებულებები.
შესაბამისად, ევროკომისია ასკვნის, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის.
„მსგავსად, საქართველომ ასევე რეგრესი განიცადა სავიზო თანხვედრისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ეს ვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროს აღებული ვალდებულებებისგან უკან დახევის ნათელი მაგალითია და ძირს უთხრის ორმხრივ ნდობას, რაზეც არის უვიზო რეჟიმი დაფუძნებული”, - ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ „ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ბუნების გათვალისწინებით“, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში შესაბამის ზომებს განიხილავს.
„ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის.
მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სია).
ამასთან, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ინარჩუნებს უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებს 26 ისეთ ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა ესაჭიროებათ და რომ 2022 წლის შემდეგ სავიზო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. პირიქით, კომისიის შეფასებით, 2024 წელს საქართველომ უკუსვლა განიცადა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზოდ შესვლის უფლების მინიჭებით.
„საქართველო ასევე აგრძელებს სავიზო პოლიტიკის გატარებას, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის კანონმდებლობისგან, კერძოდ, 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში, ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემით მხოლოდ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე”, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ინდოეთის და აზიის სხვა ქვეყნების, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეების მნიშვნელოვანი შედინება შეშფოთებას იწვევს.„ინდოეთიდან და, უფრო მცირე რაოდენობით, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოქალაქეების მნიშვნელოვანი შედინება საქართველოში შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ პოტენციური არალეგალური მიგრაციის გამო, ხმელეთით, ან ზღვით“, - აღნიშნულია ანგარიშში.