უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე ვიღაცებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რითაც საპატიმროს დატოვების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძის მიერ ერთობისა აუცილებლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ზურაბ ჯაფარიძე პირველ რიგში ჯერ თავის თანაპარტიელებს უნდა შეხვდეს და გაარკვიოს „სად არიან“.
„საერთოდ ადამიანები ასე არიან ხოლმე, რომ გამოდიხარ, ენერგიას გრძნობ, გრძნობ პროცესს და გგონია რაღაცას შეცვლი. ხანდახან ილუზიაა ეს ყველაფერი, ხანდახან ის მომენტია, რომ შენ რაღაც ხომ უნდა გააკეთო? გარეთ გამოვიდეს, ცოტა შეეგუოს, შეხედოს რეალობას, ჯერ თავის თანაპარტიელებს შეხვდეს, შიდა რევიზია გააკეთოს, სად არიან. თუ ყოფილი „ნაცები“ გაერთიანებისკენ ნაბიჯს გადადგამენ, ჩვენთვის ეს პრობლემა არ არის. ჯერ ნაცები გაერთიანდნენ და მერე სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება. მათმა სიბრძნემ აქამდე მოიყვანა პოლიტიკური მოცემულობა, მათმა უპასუხისმგებლობამ. მათი პარტიიდან, მათი კოალიციიდან მოდიოდა ბოიკოტი, დიდი შეცდომა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაშვილი გადაცემაში ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობის და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლას ისახავდა მიზნად.
ლევან გოგიჩაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 20 ივნისს აქციებზე რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება და ასევე, აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლში ქიმიური ტოქსინების შერევის ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა.
„ბიძინა ივანიშვილს ასეთი ვნებები აქვს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებებში. ჩვენ რომ ეს ყველაფერი გამოგვეძიებინა, ვინ გასცა ბრძანება, რომ ნივთიერება წყალში გაერია, ამისთვის გვქონდა შანსი, რომ საგამოძიებო კომისიაზე გვემსჯელა. ბიძინა ივანიშვილი ერევა ყველაფერში. ძალიან ბევრ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის ერევა შსს-ში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო კომისიის ჩაგდებით „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილს დააფარა ხელი. რა თქმა უნდა, გამოკითხვაზე დავიბარებდით ბიძინა ივანიშვილს.
კითხვა, ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისი რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით, დასვა სტრასბურგის სასამართლომ და პარალელურად თქვა ის, რომ გახარიას არ გაუცია. თუ გახარიას არ გაუცია, მაშინ ვინ არის ის ადამიანი, ვინც გასცა?“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.