„თავისუფლება იწყება განათლებით“ - ამ ლოზუნგით თბილისში სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, ისინი მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „წერეთელზე“ შეიკრიბნენ და მსვლელობით განათლების სამინისტროსკენ მიემართებიან, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატავენ პროტესტს დაანონსებული განათლების რეფორმაზე.
როგორს სტუდენტები აღნიშნავენ, „ბოლო დროს მიღებულ კანონში ძალიან დიდ საფრთხეს“ ხედავენ და ფიქრობენ, რომ პრობლემა შეექმნება გაცვლით პროგრამებსაც.
მსვლელობისას ისინი სკანდირებენ: „ძირს განათლების რეფორმა“.
შეგახსენებთ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 10 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება.
კერძოდ, საგრანტო დაფინანსება უქმდება. კანონებიდან ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხება. ამასთან, ახალი კანონით, მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სწავლას სრულად სახელმწიფო - მთავრობის მიერ დადგენილი დაფინანსების წესის და პირობების შესაბამისად დაფინანსდება.
გარდა ამისა, მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას - როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით.
ასევე მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმის) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება.
საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, 3+1+1 სისტემა ინერგება, სადაც 3 წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.