„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ - ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კოალიცია ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე დოკუმენტაცია და ინფორმაცია შეაგროვა, რომელსაც საერთაშორისო სტრუქტურებში გადააგზავნის.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის მოძიებულია 9 საერთაშორისო სტრუქტურა, სადაც გაიგზავნება მოთხოვნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას.
„მინდა სიახლე გაგაცნოთ გასული კვირების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე - ეს არის გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მხრიდან ადამიანების სისტემური წამებისა და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტები. უკანასკნელი კვირების განმავლობაში კოალიციამ იმუშავა და შეაგროვა ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საერთაშორისო სტრუქტურებში გადაიგზავნოს, სადაც შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას. ამ წუთისთვის ჩვენს მიერ მოძიებულია 9 საერთაშორისო სტრუქტურა. ეს დოკუმენტებში ელექტრონული სახით უკვე გადაგზავნილია ამ სტრუქტურებში, ნაწილი დღეს და ნაწილი ხვალ ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში გაიგზავნება. დღეს ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბრიფინგიც ჰქონდათ. ეს ასევე მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს საერთაშორისო სტრუქტურები, სადაც პარტიებს არ აქვთ მანდატი, რომ მიმართონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო სტრუქტურების გამოყენებაც მოხდეს, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოების და არა პარტიების მხრიდან. ჩვენ მათთან სრულ კოორდინაციაში ვართ. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ცალ-ცალკე ვისაც რა შეუძლია რომ გააკეთოს, ამ პროცესში არის ჩართული, რაც საბოლოო შედეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად მიმართა გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციების დროს „სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო მძიმე დარღვევებისა და ქიმიური და ექსპერიმენტული საშუალებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით“. სინი მოუწოდებენ OPCW-ის გენერალურ დირექტორს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა.