BDO ოფიციალურად იწყებს საქმიანობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთიანი რეგიონული ფირმის BDO CCA–ის ფარგლებში, რომელიც ხუთ ქვეყანას აერთიანებს: საქართველოს, სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაციის ცნობით, ახალი რეგიონული ინტეგრაცია ეფუძნება BDO-ს გლობალური ქსელის სტრატეგიას და მიზნად ისახავს პროფესიული სერვისების ხარისხის ამაღლებას, ცოდნისა და რესურსების გაერთიანებას და რეგიონში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. 2025 წლის მონაცემებით, BDO წარმოდგენილია 169 ქვეყანაში, 94,900 პროფესიონალითა და 870 ოფისით მთელ მსოფლიოში.
„BDO CCA-ს მართავს აღმასრულებელი კომიტეტი (ExCo). რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ზურაბ ლალაზაშვილი, ხოლო მაია ხაჩიძე გახდა BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი. BDO სომხეთის მმართველი პარტნიორია ვაჰაგნ სააკიანი, ხოლო BDO უზბეკეთის დავრონ იაკუბოვი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
BDO-ს სტრატეგიისა და ოპერაციების ხელმძღვანელის, ტრონდ-მორტენ ლინდბერგის განცხადებით, BDO CCA წარმოადგენს გლობალური ინტეგრაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს ინოვაციებსა და მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდებას რეგიონული და საერთაშორისო დამკვეთებისთვის.
ზურა ლალაზაშვილის განცხადებით, ეს იქნება პარტნიორობა ერთიანი მართვის ქვეშ - ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში. ამ მოდელის მთავარი მიზანია ცოდნის, ექსპერტიზისა და ადამიანური კაპიტალის გაერთიანება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს რეგიონულ და საერთაშორისო კლიენტებს შესთავაზოს უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსური სერვისების პორტფელი, მსოფლიოს მეხუთე უმსხვილესი გლობალური ქსელის მხარდაჭერით.
„ვულოცავთ BDO-ს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთიანი რეგიონული ფირმის BDO CCA-ის დაფუძნებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული თანამშრომლობის, პროფესიული სტანდარტების გაძლიერებისა და ბიზნესგარემოს განვითარების მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ინტეგრირებული მოდელი ხელს შეუწყობს ინოვაციებს, ცოდნის გაზიარებასა და რეგიონში ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, BDO CCA წარმოადგენს BDO-ს გლობალური ქსელის სტრატეგიის გაგრძელებას და მიზნად ისახავს რეგიონში ლიდერი პოზიციის გაძლიერებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნას.