საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახს შეხვდეს და დაზარალებული მხარის პოზიცია მოისმინოს.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, იმისათვის, რომ აღნიშნულ საქმეზე არც დაზარალებულს და არც საზოგადოებას კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს, ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ერთ ნაწილზე გამოძიება დასრულდა და სასამართლოში წარიმართა, ხოლო გამოყოფილ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება, გამოყოფილ საქმეზე პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ბრალდებული დააკავა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. აქვე დავძენ, რომ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იძიებენ აღნიშნულ საქმეს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და ამავდროულად, მათ შორის, დაზარალებულთან, ინტენსიურ კავშირია მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და სხვა გარემოებებთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველა გარემოებასთან დაკავშირებით აქტიური გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, დაზარალებულის მიერ გაჟღერებულ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც ზედამხედველობას უწევს საქართველოს პროკურატურა. სრული მზაობა არის პროკურატურის მხრიდან, დაზარალებული მხარის პოზიცია მოვისმინოთ, მათ შორის, ქალაქის პროკურორი გამოხატავდა და გამოხატავს დაზარალებულ ოჯახთან შეხვედრის მზადყოფნას. დღეს ეს შეხვედრა ტექნიკური დეტალების გამო ვერ მოხერხდა, მაგრამ ქალაქის პროკურორი მზადაა, ნებისმიერ დროს შეხვდეს დაზარალებულს. პროკურატურა დაინტერესებულია, რომ აღნიშნულ საქმეში არ დარჩეს რამე კითხვის ნიშანი, სრულად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება, რისთვისაც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო“,- განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქმეზე არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს, ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ [დაკავებულები] არასრულწლოვნები არიან, მათთან მიმართებაში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მოქმედებს, არსებობს გარკვეული გარემოებები, რომელიც სპეციფიკურად იმართება, თუმცა, გამოძიების ფარგლებში, რა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობაც გამოიკვეთება, მტკიცებულების მოპოვების საჭიროებიდან გამომდინარე, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება და მაქსიმალურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა მზად არის, ითანამშრომლოს, ერთი მხრივ, დაზარალებულთან და მეორეს მხრივ, საქმეზე არ დარჩეს არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
რაც შეეხება დაზარალებული ოჯახის პოზიციას, რომ ეს იყო ჯგუფური მკვლელობა და რა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, პროკურორი პასუხობს, რომ სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა იმ მოცემულობით მოხდა, რის საშუალებასაც მათ მოპოვებული მტკიცებულებები აძლევდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეტალური გამოძიება ჩაატარა და მოპოვებული იქნა ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელთა ანალიზის საფუძველზეც მოხდა სწორი, სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც აძლევდა მტკიცებულებები და რომელთა მოპოვების შედეგადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები. შეუტყობინებლობის საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული, ერთი დაკავებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუმცა, გამოძიება ყველა მიმართულებით გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყველა ვერსია, რაც წარმოშობილი იქნება მათ შორის, დაზარალებულის მხრიდან, ბუნებრივია, მზაობას გამოვხატავთ, მათთან ერთად განვიხილოთ და ჩავატაროთ ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დაეხმარება გამოძიებას ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.