სემეკი გაძვირებულ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს საქართველოს მოსახლეობას სიურპრიზად საახალწლოდ გამოუცხადებს , - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს.
შალვა კერესელიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის დამდეგი 2026-წელი სოციალური კუთხით იქნება კიდევ უფრო რთული, ვიდრე გასული წლები.
„პროპაგანდისტული მედიის საშუალებით საზოგადოებას უკვე ნელ-ნელა გვამზადებენ, რომ 2026-წლიდან ბუნებრივი აირის ტარიფი „ძალიან მინიმალურად“ შეიძლება გაიზარდოსო, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფი კი „მცირედით გაიზრდებაო“. ოცნებისეული საახალწლო ნაძვისხესავით მორთულ მოქარგული სიტყვებით რომ ვთქვათ, ტარიფები კი არ გაძვირდება არამედ დაკორექტირდება. თუმცა ჯერ არ დასახელებულა დაკორექტირების შედეგად გაძვირებული კომუნალური ტარიფების ფასები. ეს ყველაფერი სიურპრიზად ახალი წლისთვის იქნება.
ხელისუფლების აღქმაში ელ-ენერგიაზე და ბუნებრივ აირზე ტარიფების მატება პრობლემას არ წარმოადგენდეს, იმიტომ, რომ პენსიონერებს პენსია 20-ლარით ეზრდებათ და გაზრდილმა პენსიამ გაძვირებულ ტარიფებს უპრობლემოდ უნდა გაუძლოს. ისევე როგორც ოცნების ლოგიკით პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე მომატებულ ფასებს უპრობლემოდ გაუძლებს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის 255-ლარიანი ზღვარი, რომელ ზღვარსაც რეალურად აქვს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა და არანაირად არ შეესაბამება რეალურ გადანაწილებას. სამარცხვინო საქციელად მიმაჩნია, არაერთხელ გადაგდებულ და იმედგაცრუებულ შენ საკუთარ მოსახლეობას უკვე ისე ღიად და საჯაროდ ატყუებდე, რომ აღარაფრის აღარ გერიდება. არ გერიდება წარსულში სახალხოდ გაცემული საკუთარი არშესრულებული დაპირებების როდესაც 2012-წელს საწვავზე, ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე ტარიფის შემცირება, ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირება გახლდათ, თუმცა ბოლო 14-წლის განმავლობაში არა თუ ტარიფების შემცირება, არამედ პირიქით ტარიფები კომუნალურ გადასახადებზე და საწვავზე რამდენიმეჯერ გაძვირდა და თან ისე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თითქმის 300% არის მომატებული.
მე მესმის თქვენი, რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერა გაჭირვებულ მოსახლეობაში თქვენთვის უკვე აქტუალური აღარ არის და სწორედ ამიტომ აუქმებთ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას. ისევე როგორც სოციალური ბაზების თითქმის განახევრება უტყუარი დასტურია იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაუმსახურებლად, მიკერძოებულად და პოლიტიკური ხმების სანაცვლოდ გყავდათ შეყვანილი სოციალურ ბაზებში, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ და გინდათ ამოყაროთ. ისევე, როგორც, კომუნალურ გადასახადებზე მოსახლეობისთვის ფასების გაზრდას თქვენთვის პოლიტიკური დატვირთვა უკვე აღარ აქვს და სწორედ ამიტომ საკუთარი მოსახლეობის გაროზგვით კიდევ უფრო მეტი ფული გინდათ იშოვოთ და გამდიდრდეთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე ფასის მომატება პირველ რიგში, მძიმედ იმოქმედებს არა მხოლოდ დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე, არამედ საშუალო შემოსავლიან ოჯახებზეც, მათ შორის თქვენს მხარდამჭერებზეც, მცირე და საშუალო ბიზნესზეც. რაც საბოლოო ჯამში იწვევს სამომხმარებლო ბაზარზე პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების კიდევ უფრო მეტად გაძვირებას და მარტივ ენაზე, რომ ვთქვათ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დამდეგი 2026-წელი სოციალური კუთხით იქნება კიდევ უფრო რთული წელიწადი ვიდრე გასული წლები”, - წერს შალვა კერესელიძე.