ბერდია სიჭინავა - ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც - კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ IPRM-ის ფორმატში 22 დეკემბერს მიმდინარე შეხვედრაზე დაფიქსირებული პოზიციების შესახებ ინფორმაცია და "გასაგებია რატომაც".

სიჭინავა ამბობს, რომ მაშინ, როცა იგორ კოჩიევი საგუშაგოს მოხსნის საკითხზე "გარკვეულ პოზიტიურ ძვრებზე" საუბრობს, დასტურად მოჰყავს საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის - გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.

"22 დეკემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართული მხარის წარმომადგენლებმა და პროპაგანდისტულმა მედიებმა დამალეს ჩორჩანასთან დაკავშირებით ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ შეხვედრაზე დაფიქსირებული პოზიციების შესახებ ინფორმაცია (გასაგებია რატომაც).

საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელის - კოჩიევის განცხადებით, ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნის საკითხი კვლავ ერთ-ერთ საკვანძო თემად რჩება ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის.

მისი შეფასებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის - გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.

კოჩიევის განცხადებით, არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა ამ საგუშაგოს სრულად მოხსნისა და მისი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაყვანისა", - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დელეგაციის“ ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ სოფელ უისტასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნა "სამხრეთ ოსეთისთვის კვლავ საკვანძო საკითხად რჩება".

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ყოველ შეხვედრაზე განიხილება.

"მსგავსი საკითხების მოგვარება ერთი შეხვედრის ან ერთი მოთხოვნის ფარგლებში შეუძლებელია. თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე შეინიშნება გარკვეული პოზიტიური ძვრები“, - აღნიშნა კოჩიევმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მსგავსი დადებითი მოვლენა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნაა, რომელიც საგუშაგოს გახსნის ინიციატორია. კოჩიევმა აღნიშნა, რომ გახარიას წინააღმდეგ ბრალდების ერთ-ერთი პუნქტი საგუშაგოს გახსნით ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა წარმოადგენს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია