საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს ხვდება.
შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილი წამებასთან გათანაბრებულ მდგომარეობაშია, რადგან არ ეძლევა ოჯახთან კომუნიკაციის საშუალება.
ლაშა ტყეშელაძის თქმით, სახალხო დამცველის მხრიდან აღნიშნული საკითხით დაინტერესება კარგია, თუმცა მან ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„საზოგადოებამ დაინახა, რომ ლევან ხაბეიშვილის მიმართ სადამსჯელო მექანიზმები მოქმედებს, ეს კი წამებას უთანაბრდება. სისხლის სამართლის კოდექსი პატიმრისთვის უფლებების შეზღუდვას მაშინ ითვალისწინებს, როდესაც მისგან შესაძლოა მოწმეებზე ზემოქმედება მოხდეს, ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს. მაგრამ არასრულწლოვანი შვილების ნახვის შეზღუდვა კოდექსში არ წერია, ასევე კოდექსში არ არის აღნიშნული, რომ არ შეიძლება პირმა მშობელი მოინახულოს. ეს გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ლევან ხაბეიშვილის მიმართ სადამსჯელო ხასიათისაა. ეს წამების ერთ-ერთი ხერხია, კარგია რომ ამ საკითხით, სახალხო დამცველი დაინტერესდა, თუმცა მარტო დაინტერესებით საკითხი არ დარეგულირდება, ლევან იოსელიანმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.