2026 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთი ახალი პროექტი არის ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 30 მილიონი ლარი - გვაქვს აქტიური მოლაპარაკება რამდენიმე ძალიან მსხვილ საერთაშორისო კომპანიასთან, ამის გამო, თვენახევრით გადაიწია ტენდერის გამოცხადებამ,- ამის შესახებ ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ის იმედოვნებს, რომ მომდევნო წლის ბოლოს მერიას ჰქონდეს შესაძლებლობა, სამშენებლო სამუშაოებზე გადასვლის.
„ერთ-ერთი ახალი პროექტი არის ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა. კონკრეტულად, 30 მილიონი ლარია ბიუჯეტში ასახული და ვფიქრობთ, რომ რეალურად, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება 2026 წლის განმავლობაში. თქვენ იცით, რომ თებერვლის პირველ რიცხვებში უკვე დასრულდება და გვაქვს აქტიური მოლაპარაკება რამდენიმე ძალიან მსხვილ საერთაშორისო კომპანიასთან. ძალიან მიხარია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის დაინტერესება არა მხოლოდ ერთი ქვეყნის გიგანტი კომპანიების მხრიდან, არამედ რამდენიმე მსხვილი კომპანიის მხრიდან.
ამის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, გარკვეული დროით, თვენახევრით, გადაწეულიყო ტენდერის გამოცხადება, რათა კიდევ უფრო მეტი კონკურენცია შედგეს. საბოლოოდ, ჩვენ გვქონდეს შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილური პროექტის განხორციელებას. 30 მილიონი არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ ავითვისებთ 2026 წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ 2026 წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოებზე გადასვლის შესაძლებლობა გვქონდეს.
თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და უახლოეს მომავალში იქნება გამოცხადებული საბაგიროსთან დაკავშირებით. აქ 10 მილიონი გვიდევს პროექტირებისთვის. პროექტი სულ არის 48 მილიონი ლარის სამგორი-ვაზისუბნის მიმართულებით. იცით, რომ სულ 3 საბაგიროს პროექტი გვაქვს დაანონსებული და ამ ეტაპზე, ეს ერთი პროექტი ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე იყოს განხორციელებული.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. 71 მილიონი ლარია ბიუჯეტში ასახული. 40 მლნ ლარი არის თვითონ საგზაო სამუშაოები, კაბელარხები/ქვაფენილი - 13 მლნ ლარი, გარე განათება 3 მლნ ლარი, მიწისქვეშა კონტეინერები - 10 მლნ ლარი, გამწვანება 5 მლნ ლარი”,- განაცხადა ტყემალაძემ.
რაც შეეხება ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანის პროექტს, ტყემალაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მომდევნო წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„დაწყებულია ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანა, ხოლო არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ვფიქრობთ, ეს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი ისტორიული პროექტი ინება და ამ მიმართულებით, ჩვენ 2026 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარი გაქვს გვაქვს გათვალისწინებული. საბოლოოდ, ვფიქრობთ, რომ 2 წელიწადში ეს პროექტი სრულად იქნება დასრულებული“, - განაცხადა ტყემალაძემ.