„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დაჭრილი მებრძოლებისა და ვეტერანების მეუღლეებს პროფესიულ გადამზადებასა და თვითდასაქმების შესაძლებლობას თავაზობს. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები ტრენინგ ცენტრში „ახალი კარიერა“ ექვსთვიან კურსს გადიან - ტანსაცმლის კონსტრუირებასა და კერვაში.
სწავლების პროცესში მონაწილეები ეუფლებიან როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს —საქარგავ და საკერავ მანქანებთან მუშაობას, პროდუქტის მოდელირებას, სამოსის დამზადების სრულ ციკლს. კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ, შექმნან საკუთარი მცირე ბიზნესი და გააუმჯობესონ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს სილქნეტის დამფუძნებლების ინიციატივით დაარსდა. კომპანია კი ფონდის მთავარი დონორი გახდა და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს.
2025 წლის განმავლობაში ფონდის 160 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. 489 000 ლარით დაფინანსდა 63 სამხედრო მოსამსახურის, 346 000 ლარით - 97 ვეტერანის სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი საჭიროებები. მოზიდული სახსრებით ფონდმა უზრუნველყჰო ასევე ბენეფიციართა ოჯახებისთვის სამედიცინო სერვისების და სხვადასხვა სასწავლო და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება.

სილქნეტის დონაცია უკვე 2 381 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ფონდს ყოველწლიურად არაერთი კომპანია და კერძო პირი უერთდება. 2025 წლისთვის ფონდმა შემოწირულობის სახით მიიღო 744 947 ლარი: 605 403 ლარი იურიდიულ პირთა შემოწირულობაა, 139 544 ლარი - ფიზიკურ პირთა შენატანი.
სოციალური კვლევის საფუძველზე, ფონდმა ბენეფიციართა საჭიროებები განსაზღვრა და მოკლე დროში შექმნა სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომელიც დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მეუღლეებს დამოუკიდებელი საქმიანობის დასაწყებად გადამზადების საჭირო რესურსებს აწვდის. პროგრამის მსმენელები იღებენ იურიდიულ და საბაზისო ბიზნეს ცოდნას, რაც მათ ახალ პროფესიულ გზაზე დამატებით გააძლიერებს. ამ ეტაპზე კურსს ათი მსმენელი გადის, ხოლო სოციალური საწარმო მისი გაფართოებისთვის და მეტი ბენეფიციარის მისაღებად ემზადება.
ფონდის მიზანია იმ ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გაზიარება, სადაც მებრძოლთა და ვეტერანთა მიმართ მხარდაჭერის განვითარებული სისტემა არსებობს. თანაბრად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს” ყოველწლიურად მრავალი კომპანია, ორგანიზაცია თუ კერძო პირი უერთდება, რაც ხელს უწყობს დონაციის მასშტაბების ზრდას, გმირი მეომრებისა და მათი ოჯახების გასაძლიერებლად.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია დონაციის განხორციელება ფონდის ვებ გვერდიდან და ასევე, ფონდის საქველმოქმედო ნომერზე ერთი ზარით - 0 901 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია.
გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!
(R)