ადვოკატ რობერტ გრიგალაშვილის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებას არ ელოდებოდა.
როგორც გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, ლილუაშვილი უწყებაში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს, შემდეგ კი ადგილზე მისულის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც გრიგალაშვილი განმარტავს, ლილუაშვილისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ, ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
„ბატონი გრიგოლი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, თუმცა ამ ეტაპზე ბრალდების დადგენილება არ ჩაუბარებიათ, ამას პროცედურები აქვს. პროცედურები და დრო დაჭირდა ოქმის გაფორმებას, მის ეტაპირებას, შესაბამისად, არანაირი განმარტება ჩვენების სახით არ მიგვიცია, ბრალსაც არ ვიცნობთ და ბუნებრივია, ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებდით. პროცედურა ასეთია, ჯერ დაკავების ოქმი შედგა, ბრალდება უცნობია, ასევე უცნობია შინაარსი, მხოლოდ ვიცით მუხლი. რაც არ ვიცით, იმაზე ვერანაირ პოზიციას ვერ დავაფიქსირებთ“, - განაცხადა გრიგალაშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ლილუაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას, ადვოკატმა უპასუხა, რომ ჯერ ბრალის დადგენილებას არ იცნობს.
„კითხვა გასაგებია. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის რადგან ბრალდებას არ ვიცნობ, არანაირი პოზიცია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ბრალდების გაცნობის შემდეგ, პოზიციას დავაფიქსირებთ. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ზეპირად ვიცით, რა მუხლით და რა კვალიფიკაციით იქნა ბრალდებული დაკავებული“, - განაცხადა ადვოკატმა.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ელოდებოდა თუ არა ლილუაშვილი დაკავებას, თუ როგორც უწყებაში შესვლამდე განაცხადა, ეგონა გამოკითხვის მიზნით დაიბარეს, ადვოკატმა უპასუხა, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გამოკითხვის მიზნით მივიდა.
„ის გამოკითხვაზე იქნა დაბარებული, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მზად იყო მოსულიყო და თუკი კითხვები იქნებოდა, ეპასუხა. მოტყუება არ არის, პროცედურებია, დაიბარეს ადამიანი და გადაწყვეტილება მიიღეს მის დაკავებაზე. დაკავების შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო და ვერ იქნებოდა, ცნობილიც რომ ყოფილიყო, ლილუაშვილი არ აპირებდა არსად წასვლას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ის პირველად დაიბარეს“, - განაცხადა გრიგალაშვილმა.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ვინაიდან მას 4 ეპიზოდს ედავებიან, საიდანაც ორში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, დაკავებული რომეო მიქაუტაძე ფიგურირებს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სწორედ მიქაუტაძემ მისცა ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს მისთვის უცნობია.
„ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მე მხოლოდ თქვენი განმარტება მოვისმინე, შინაარსი არ ვიცი, ბუნებრივია, არც საქმის მასალები ვიცი და საერთოდ ამ კუთხით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ლილუაშვილი საქმის გამოძიებით დაინტერესებულია.
„დაახლოებით ორი თვეა გასული, რაც მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ამ ხნის განმავლობაში მას არც საცხოვრებელი სახლი დაუტოვებია და არც გამოძიებასთან დამალვა უცდია. ბუნებრივია, თვითონაც არის დაინტერესებული რეალობაში გაერკვეს... იმის მიხედვით, ბრალთან რა პოზიცია გვექნება, თუ ადამიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს, გირაო კი არა, ადვოკატი ვალდებულია მისი გათავისუფლება მოითხოვოს. ბრალდებას არ ვიცნობთ და არანაირი პოზიცია არ გვაქვს. წინასწარ, რას მოვითხოვ, პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ლილუაშვილის სახლის ჩხრეკისას ფული არ ამოუღიათ.
„კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არაფერი ამოუღიათ, ფული არ ამოუღიათ. მეხსიერების ბარათები და მობილური ტელეფონია ამოღებული“, - განაცხადა გრიგალაშვილმა.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დაკავებული რომეო მიქაუტაძე.პირველი ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების გასაწევად თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო.მეორე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოართვა.
მესამე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილი "ქოლ-ცენტრების" მცირე ნაწილს მფარველობდა, რასაც ის მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა პირთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ. მეოთხე ეპიზოდის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.