გრიგოლი არ დამალვია გამოძიებას, არ დაუტოვებია ქალაქი და საცხოვრებელი ადგილი. ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძიების გამოძახებას, რათა გაეცა ყველა კითხვაზე პასუხი, - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლამდე მედიასთან განაცხადა.
რობერტ გრიგალაშვილის თქმით, ამჟამად ბრალდების წარდგენას ელოდებიან, რის შემდეგაც გრიგოლ ლილუაშვილის პოზიცია გახდება ცნობილი.
„პროცედურულად ეს არის დაკავება, შედგა დაკავების ოქმი, რის შემდეგაც მოხდა მისი გადაყვანა დროებითი დაკავების საკანში. ამჟამად ველოდებით ბრალდების წარდგენას.
ამ ეტაპზე არ ვიცნობთ საქმეს, არ ვიცით, რაში გვედება ბრალი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც პრესითაც გაჟღერდა. დაკავების მომენტში ეს გრიგოლისთვის არ იყო ცნობილი და ვერც პოზიციას დააფიქსირებდა, ამიტომ ამ ეტაპისთვის პოზიცია არ გვაქვს, თუმცა ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ მის პოზიციას“, - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დაკავებული რომეო მიქაუტაძე. პირველი ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების გასაწევად თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო.მეორე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოართვა.
მესამე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილი "ქოლ-ცენტრების" მცირე ნაწილს მფარველობდა, რასაც ის მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა პირთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ. მეოთხე ეპიზოდის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.