საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის ეგიდით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ევროპული კვლევები: წარსული, აწმყო, მომავალი“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სამეცნიერო ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს მიეძღვნა. აღნიშნულ თარიღს, საქართველოს უახლეს ისტორიაში უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლისა და დამსახურების საპატივცემულოდ უნივერსიტეტი ტრადიციულად აღნიშნავს.
კონფერენციის თემა მოიცავდა გამორჩეული მეცნიერის, მწერლის, პოლიტიკური მოღვაწისა და ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი ფუძემდებლის - სულხან-საბა ორბელიანის უმდიდრესი მემკვიდრეობის მეცნიერულ კვლევას, ანალიზსა და მისი გამოცდილების თანამედროვე გამოწვევების ფონზე განხილვას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წელს დიდი მამულიშვილის გარდაცვალებიდან 300 წელი სრულდება.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, წმინდა სინოდის წევრები - ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზუდაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ფაკულტეტების დეკანები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები.

ღონისძიება გახსნა და აუდიტორიას მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღებზე, რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონია ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაზე, ამ პროცესში ქრისტიანული ღირებულებათა სისტემისა და აზროვნების ეროვნულ ფასეულობებთან ჰარმონიული შერწყმის შედეგებზე, ქართული თვითმყოფადი კულტურის, საერთო ევროპული ცივილიზაციური ხედვის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე.
როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავი შეგვახსენებს უმნიშვნელოვანესს - ჩვენს სულიერ და ეროვნულ ერთობას, რაც თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოხატავს უდიდეს სურვილსა და მზაობას, მომავალი წლიდანაც აქტიურად ჩაერთოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნის ფართომასშტაბიან ღონისძიებებში. მისი თქმით, ამ მნიშვნელოვანი თარიღის ეგიდით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თაოსნობით, შემუშავებულია კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024 წლიდან სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება ციკლური საჯარო ლექციები და სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები ცნობილი მეცნიერ-მკვლევრების მონაწილეობით.
„საგულისხმოა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროპული კვლევები: წარსული, აწმყო, მომავალი“ ეყრდნობა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და სულიერი განვითარების იმ უმნიშვნელოვანეს თარიღებს, რომლებმაც განსაზღვრეს საქართველოს სახელმწიფოებრივი იდენტობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ორიენტაცია. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი არის ის უმთავრესი ისტორიული საყრდენი, რომლითაც საქართველო ევროპული ცივილიზაციის საერთო სივრცეში დამკვიდრდა არა მხოლოდ სარწმუნოებრივი, არამედ სამართლებრივი, საგანმანათლებლო და კულტურული თვალსაზრისითაც. სწორედ ამ არჩევანმა შექმნა ის ღირებულებითი საფუძველი, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნება, მეცნიერება, დიპლომატია, განათლება. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დიდი მოაზროვნის, მეცნიერის, მწერლისა და დიპლომატის - სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლი. პირველმა სწორედ მან დაუდო ევროპასთან ინტელექტუალურ და პოლიტიკურ დიალოგს სისტემური საფუძველი და მისი მემკვიდრეობა დღემდე რჩება ევროპული კვლევების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და მისიას ისტორიული მემკვიდრეობის კვლევისა და გააზრების საქმეში. ჩვენი უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საინჟინრო-ტექნოლოგიური პროფილის უმაღლესი სკოლა - ეს მულტიდისციპლინური სამეცნიერო სივრცეა, სადაც საინჟინრო ტექნოლოგიები და ინოვაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ და ევროპულ კვლევებთან ორგანულ კავშირში ვითარდება. სწორედ ამგვარ სინთეზში ვლინდება თანამედროვე მეცნიერების ძალა და ეფექტიანობა, აქტიურად არის მხარდაჭერილი ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის ინტელექტუალური დიალოგი, მომავლის კვლევით ხედვებზე მსჯელობა. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მკვლევართა გასაძლიერებლად, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქართული მეცნიერების მომავალს“, - აღნიშნა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები ქმნის აკადემიურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ქართული და ევროპული აკადემიური წრეების დაახლოებას, არამედ განაპირობებს ისტორიული მეხსიერების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ურთიერთშერწყმას. მისი თქმით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საქართველო არა მხოლოდ სულიერად, არამედ საგანმანათლებლო და კულტურული თვალსაზრისითაც მჭიდროდ დააკავშირა ევროპული ცივილიზაციის საერთო სივრცესთან.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღის, სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) და ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, დანიელმა (დათუაშვილი).
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზნებზე ყურადღება გაამახვილეს სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ, ასევე, ამავე ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორებმა - ღონისძიების კოორდინატორმა/მოდერატორმა ემზარ ფაჟავამ და ნუგზარ ბარდაველიძემ. როგორც მათ აღნიშნეს, კონფერენციის - „ევროპული კვლევები: წარსული, აწმყო, მომავალი“ - მიზანია ევროპული კვლევების მიმართულებით მეცნიერთა, განსაკუთრებით კი დოქტორანტებისა და მაგისტრანტების აკადემიური და კვლევითი პოტენციალის გაძლიერება, ასევე აკადემიური დიალოგისა და თანამედროვე ევროპული დისკუსიების გააქტიურება.
სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ევროპული კვლევები: წარსული, აწმყო, მომავალი“ - მუშაობა ჰიბრიდულ ფორმატში სამ სექციად წარიმართა, რომლებზეც მოხსენებით 45 ქართველი და უცხოელი მკვლევარი წარსდგა.