ხელისუფლების წინააღმდეგ ცალ-ცალკე ბრძოლა არ გამოვა - საჭიროა პოლიტიკური პარტიების ერთობა, მაგრამ ვერ ხერხდება. რაღაც კიდევ უნდა ვცადოთ, უნდა ვეძებოთ და მოვნახოთ ის ფორმა, რომელიც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან წარმოგვადგენს, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველ ჯგუფებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
აკაკი ბობოხიძის თქმით, სიმართლე ოპოზიციის მხარესაა, მაგრამ ფიზიკური ძალა „ქართულ ოცნებას“ უფრო დიდი აქვს.
„ქვეყანა თავზე გვაქვს ჩამომხობილი. სიმართლე შეიძლება არის ჩვენს მხარეზე, ოღონდ სიმართლე არ ნიშნავს ფიზიკურ ძალას. ფიზიკური ძალა „ქართულ ოცნებას“ აქვს უფრო დიდი და ეს ქვეყნის შიგნით ჩანს. ჯერ რუსთაველის გამზირიდან გაგვდევნეს, ახლა ტროტუარიდანაც გაგვდევნეს. ოღონდ ყველაზე მეტად, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ოპოზიცია რას ვშვრებით ამ დროს. როცა უხეშ ფიზიკურ ძალას ეჯახები, მაშინ შენც უხეშ ფიზიკურ ძალაზე უნდა იფიქრო, რაც სამწუხაროდ ამ წუთას ჩვენ არ გვაქვს.
ნორმალურ პირობებში პირველადი ის არის, რაც შენს ქვეყანაში ხდება, მეორადი უნდა იყოს გარედან მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში პირველადი გახდა გარედან დახმარება. საჭიროა პოლიტიკური პარტიების ერთობა, მაგრამ ვერ ხერხდება. რაღაც კიდევ უნდა ვცადოთ, უნდა ვეძებოთ და მოვნახოთ ის ფორმა, რომელიც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან წარმოგვადგენს, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველ ჯგუფებს. ცალ-ცალკე აღებული თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმ ვართ ბოლო საარჩევნო შედეგების ნიშნულზე, თუ არა გაუარესებულზე. ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ცალ-ცალკე ბრძოლა არ გამოვა. მით უმეტეს, რომ განსხვავებით „ქართული ოცნების“ წინა მთავრობებისაგან, ამ ჯგუფს აქვს პოლიტიკური მდგენელი. ეს ჯგუფი უფრო ერთიანია და დღეს შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის უფროსი არცთუ ისე პირდაპირ ემორჩილებოდეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.