თაზო დათუნაშვილი - საახალწლოდ ყველა მოქალაქე მთავრობას აგინებს იმ ფასების გამო, რაც ბაზრებსა და სუპერმარკეტებში ხვდება, ამიტომ კობახიძეს დამნაშავედ და მონსტრად ბიზნესი გამოჰყავს - ეს არის ანონსი, რომ ვიღაცებს ფასების გამო დაიჭერს

კობახიძე როგორც ყოველთვის, დამნაშავედ და მონსტრად ბიზნესს გამოიყვანს - წინასაახალწლოდ ხალხს დაუანონსა, რომ ადამიანებს ფასების გამო დაიჭერს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც სასურსათო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე კარგად ხვდებიან, რომ პროკურატურა ყველაფრის წამალი არ არის და მთავრობის პრობლემაა ის, რომ საქართველოში პირველად პროდუქტებზე ფასები 95%-ით იზრდება.

„როდესაც ბრიფინგებს ვმართავდი და ვამბობდი, რომ საქართველოში ფასებთან მიმართებაში კატასტროფა ხდება, მაშინ ეს იყო ტყუილი და არ არსებობდა [პრობლემა]. ახლა პრემიერ-მინისტრს პოპულისტურად დასჭირდა ეს ყველაფერი. დეკემბრის ბოლო დღეებში საქართველოს ყველა მოქალაქე მთავრობას აგინებს იმ ფასების გამო, რაც ბაზრებში და სუპერმარკეტებში ხვდება, რათა წინასაახალწლო სუფრა გაშალოს. [კობახიძე] მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მისკენ მიდის და პოპულისტურად გადაწყვიტა, რომ რისხვა ბიზნესისკენ მიმართოს. როგორც ყოველთვის, დამნაშავედ და მონსტრად ბიზნესს გამოიყვანს. სავარაუდოდ, ვიღაცების სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებს, ოღონდ არ შეეხება დღგ-ს გადასახადს, რომელიც საკვებ პროდუქტებზე აბსურდულია - ჩვენთან არის 18%, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში კი 4%-5%. ამათ რომ ჰკითხოთ, ხელისუფლება არაფერზე არაა ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი, ყველა ბოროტების სათავე უნდა იპოვონ ან კერძო სექტორში, ან ოპოზიციაში, ან ქვეყნის გარეთ. წინასაახალწლოდ, ადამიანებს დაუანონსა, რომ ფასების გამო დაიჭერს ადამიანებს. ლაპარაკია სისხლის სამართლის დევნაზე და არა იმაზე, რომ სახელმწიფომ გადადგას რეალური ქმედითი ნაბიჯი, მაგალითად, დღგ-ს გადასახადი დაუწიოს საკვებ პროდუქტებს. ისევ პროკურატურის ჩართვა ამ საქმეში, როგორც ყველაფერში. საქართველოს მოქალაქეები კობახიძეზე კარგად ხვდებიან, რომ პროკურატურა ყველაფრის წამალი არ არის და მთავრობის პრობლემაა ის, რომ საქართველოში 95%-ით იზრდება პირველად პროდუქტებზე ფასები,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძე ასევე, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი