„ქართული ოცნების“ ერთი ფრაქცია მეორეს ეუბნება: „ყვავმა ყვავს უთხრა, შენ რა შავი ხარო“. კობახიძე და სხვები ეუბნებიან ლილუაშვილს, შენ როგორი კორუმპირებული ყოფილხარო - ეს არის არა ანტიკორუფციული ძალისხმევა, არამედ ანტიკორუფციული ფარსი - საბოლოოდ, ირაკლი კობახიძე მიადგება ბიძინა ივანიშვილსაც, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად მთელი სისტემა არის ჩაძირული არნახულ კორუფციაში.
„ჩემთვის ეს არის ქურდულ-კლანური გარჩევა, მეტი არაფერი. ეს არის არა ანტიკორუფციული ძალისხმევა, არამედ ანტიკორუფციული ფარსი, რომლის წიაღშიც ირაკლი კობახიძის ჯგუფი ცდილობს, საკმაოდ წარმატებულად ამ მომენტისთვის, რომ ჩაძიროს აბსოლუტურად ყველა სხვა შიდა პოლიტიკური ჯგუფი. ეს არის შიდა, „ქოცური“, კლანური დაპირისპირება. მე მათ მინდა წარმატება ვუსურვო ერთმანეთის დაჭმაში. რაც უფრო მალე იზამენ ამას, მით უფრო ცოტა დარჩება დასამთავრებელი ქართველი ხალხის მიერ და ესეც მალე მოხდება. ჩემთვის კომიკურია, რომ ლილუაშვილისნაირ ფიგურას ორ მილიონზე ელაპარაკები. ორი მილიონი არის ლილუაშვილისთვის კომოდის პირველ უჯრაში რომ ედო. ეს არის მასშტაბი „ქოცური“ კორუფციის. ჩვენ ვიცით, რომ მსხვილ ფიგურებს ასობით მილიონი აქვს მოპარული სხვადასხვა დროს სისტემიდან. ასობით მილიონი ღატაკი, მშიერი ქართველი ხალხის ჯიბიდან. როცა გრიგოლ ლილუაშვილს დაიჭერ და 2 მილიონზე ელაპარაკები, ეს ჩემთვის არის სასაცილო. უნდა გავიცინოთ სიმწრით, მანამ, სანამ „ქოცური“ ურდო მართავს. შემიძლია გითხრათ, რომ ტოტალურად, მთლიანად, მთელი სისტემა „ქოცური“ მმართველობის პირობებში არის კორუმპირებული. აბსოლუტურად მთელი სისტემა არის ჩაძირული არნახულ კორუფციაში. მე ვფიქრობ, ასეთი კორუფცია არასდროს არ ყოფილა ჩვენ ქვეყანაშიც კი, რომელსაც აქვს მათ შორის ძალიან კორუფციული მმართველობის გამოცდილება. უბრალოდ, ამდენი კორუფცია და ამ მასშტაბის კორუფცია არასდროს ამ ქვეყანაშიც კი არ ყოფილა. ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის ბიძინას დოქტრინა. ბიძინა ივანიშვილმა არარაობები მოიყვანა პოლიტიკური ძალაუფლების სათავეში, ხალხი ნულოვანი გამოცდილებით, ნულოვანი რენომეთი, ნულოვანი იდეოლოგიით, ნულოვანი რწმენით. მათ მისცა საშუალება ეჯიჯგნათ ეს ქვეყანა. ეს ძალიან კარგად დალაგებული შიდა ეკონომიკური სქემაა. არავინ იფიქროს, რომ შემთხვევით ხდება. ეს არის ჩანაფიქრი, ძალიან ეფექტიანი, საძულველი, კრიმინალური, მაგრამ ეფექტური. ვხედავთ, რომ ეს სქემა მუშაობდა. ღრმად მწამს, რომ ახლაც მუშაობს. უბრალოდ ერთი ფრაქცია მეორეს ეუბნება: „ყვავმა ყვავს უთხრა, შენ რა შავი ხარო“. კობახიძე და სხვები ეუბნებიან ლილუაშვილს, შენ როგორი კორუმპირებული ყოფილხარო.
ფასების პრობლემა გაახსენდა კობახიძეს 2025 წლის დეკემბერში, ამდენი წელია ამ ქვეყანას მართავს. დღეს დილით რომ გაიღვიძა, გაახსენდა, რომ თურმე ბოლოს დეზერტირების ბაზარში რომ იყო, იმის მერე როგორ გაძვირებულა ფასები. ამ ცინიზმში რომ ცხოვრობ, როგორ შეიძლება „ქოცი“ ამას იტანდეს, თუ არ ხარ ლილუაშვილი და ვიღაც, ვინც მიერთებულია ამ პარაზიტულ სისტემას, ბიუჯეტით იქნება თუ ქოლ-ცენტრებით იქნება, ამით მდიდრდება. იმდენი სიმდიდრე წაიღო ამ ხალხმა, 10-15 თაობა რომ იცხოვრებს. ჩვენი ფული აქვთ წაღებული“,- განაცხადა გეგელიამ.
მისივე თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო „ქოცების“ კარზე და ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს თითოეულ მათგანზე.
„რაც შეეხება ყოფილ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, არ ვიცი, გადარჩა გომელაური თუ არა. ბევრი ფიქრობდა, რომ ლილუაშვილიც გადარჩა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, არ გადარჩა თუ ვერ გადარჩა, დროებით მაინც. ჩვენ ისიც არ ვიცით, რეალურად რა პირობებში იქნება, გასამართლდება, არ გასამართლდება, გირაო შეეფარდება თუ რა. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო „ქოცების“ კარზე და ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს თითოეულ მათგანზე. ამიტომ ჩვენ არ ვიცით, სად წავა ეს პროცესი. ამავე დროს, კალაძის მიმართ ვხედავთ „პროგრეს ბანკთან“ გარკვეულ კითხვებს თუ საგამოძიებო პროცესებს, რომელიც როგორც ახლახან გავიგეთ, თურმე ჩატარებული ყოფილა. ეს არის საგამოძიებო ტიპის პროცესები, ამიტომ ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება კალაძესაც ემუქრებოდეს რაღაც ტიპის მსგავსი შემთხვევა.
საბოლოოდ, ირაკლი კობახიძე მიადგება ბიძინა ივანიშვილსაც. ხშირად მიხუმრია ამაზე, მაგრამ მგონი სახუმარო აღარცაა. არ გამოვრიცხავ საერთოდ. ისეთი მონსტრი შექმნა ივანიშვილმა, რომელიც საბოლოოდ, ადრე თუ გვიან, მასაც გამოუყვანს წირვას. თუ და როდესაც კობახიძე ჩათვლის მსგავს რაღაცას საჭიროდ, გამორიცხული აღარ მგონია, რომ ადრე თუ გვიან, მიადგება მთლად მათ უფალსაც. მათ ორბიტაზე მთავარ ცენტრსაც. კობახიძე ასრულებს რუსეთის დავალებას პირდაპირ. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილიც რუსეთის დავალებას ასრულებს, მაგრამ კობახიძე არის პირდაპირ ხელდასმული იმისთვის, რომ შეასრულოს რუსიფიკაციის გეგმა.
თუ რუსეთს დასჭირდა, რომ ჰყავდეს მხოლოდ ერთი პირი, განუზომლად უფრო მიმზიდველი მათთვის იქნება ირაკლი კობახიძე. რუსული დაზვერვისთვის ბევრად უფრო საინტერესო პროექტი არის ირაკლი კობახიძე. ახალგაზრდა, პოლიტიკურად გონიერი, თუმცა უკეთურობაში იყენებს ამას. პოლიტიკური ინტელექტი გააჩნია ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც არავითარი ინტელექტი არ გააჩნია თვითგადარჩენის ჩვევის გარდა. ამიტომ რუსეთის საგარეო დაზვერვისთვის ირაკლი კობახიძე არის ფანტასტიკური პროექტი და არ გამოვრიცხავ, რომ მასზე კეთდებოდეს ბევრად უფრო მეტი ფსონი, ვიდრე ნებისმიერ სხვაზე. რაც ხდება მოწმობს იმას, რომ ირაკლი კობახიძეზე არის გაკეთებული ძალიან დიდი რუსული ფსონი. ის პირწმინდად ახდენს ამ ქვეყნის რუსიფიკაციას. 10-იდან 10. ისეთი ტემპით, ისეთი ხარისხით, როგორც არასდროს არაფერი გაკეთებულა ამ ქვეყანაში“,- განაცხადა გეგელიამ.
გარდა ამისა მან, პრემიერ-მინისტრის იმ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, სადაც ის სურსათის მაღალ ფასებზე საუბრობს.
„პრობლემა არის მნიშვნელოვანი. ის გარემოება, რომ ირაკლი კობახიძეს ეს გაახსენდა 2025 წლის დეკემბერში, ჩემთვის არის მაჩვენებელი აბსოლუტური სიბრმავის, რაც ამ რეჟიმს ახასიათებს. ჩვენ ვიცით ძალიან დიდი ხანია, რომ ფასები იზრდება არაპროპორციულად, არაგონივრულად. ახლა გაახსენდათ იმიტომ, რომ გარკვეული პიარისთვის სჭირდება და სჭირდება, რომ მოუჭიროს ბიზნესებს დამატებით. ყველაფერი რასაც კობახიძე აკეთებს, ჩვენ ვიცით რომ გარკვეულ ჩარჩოში ზის, რუსიფიკაციისა და ავტორიტარიზაციის. რეალურად ის პრობლემა, რომელიც გვაქვს, გარდა ფასების, საგადასახადო სისტემის პრობლემებისა, არის იმპორტ-ექსპორტის აბსოლუტურად ანომალიური ურთიერთმიმართება. ამაზე ჩვენი პარტია ვლაპარაკობთ ხუთი წელია. ჩვენ აბსოლუტურად ჩამოკიდებული ვარ იმპორტირებულ საქონელზე. ამდენი წელია პრემიერ-მინისტრი გქვია და იქამდეც ხან სპიკერი იყო, ხან უმრავლესობის ლიდერი იყო, დღეს ჩამოვარდა ციდან? აქამდე სად იყო? რამდენი წელია რაც ამ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აკისრია?! დღეს გაძვირდა ფასები? თვითონ იმდენი მილიონი აქვთ მოპარული, ვერაფრის ფასს ვერ გეტყვიან“, - განაცხადა გეგელიამ.