ხატია დეკანოიძე - მოქალაქეებმა იგრძნეს, რომ გააღებენ მაცივარს, იქ მშვიდობა არ არის, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 13 წლის თავზე გაახსენდა, რომ ფასები იმატებს, როცა ქვეყანაში აღვირახსნილი კორუფციაა - არავითარი ფასები არ შემცირდება, მათი გზავნილი პოპულისტურია

კორუფციული და ძალადობის რეჟიმის პირობებში არავითარი ფასების შემცირება არ მოხდება. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული, პოპულისტური გზავნილი და მეტსაც გეტყვით - ფასები არა თუ არ დაიკლებს, მოიმატებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ 13-წლიანი მმართველობის შემდეგ გაახსენდა, რომ პროდუქტების ფასები მომატებულია და ამის პარალელურად, ქვეყანაში უმძიმესი ფინანსური კრიზისი და ინფლაციის მაღალი დონეა.

„მაღალი ფასები ყველას აწუხებს, არ მეგულება ქვეყანაში ადამიანი, რომელიც არ წუხს თავის მაცივარზე. ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი რომ ჰპირდებოდა რაღაც სტაბილურობას, საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნეს, რომ გააღებენ მაცივარს, იქ მშვიდობა არ არის. პრაქტიკულად, რეჟიმმა ყველა სეგმენტს გამოუცხადა ომი, უმძიმესი ფინანსური კრიზისია ქვეყანაში, ინფლაციის მაღალი დონეა და ახლა, 13 წლის თავზე გაახსენდათ, რომ ფასები იმატებს, მაშინ, როცა ქვეყანაში არის აღვირახსნილი კორუფცია.

მე არ ვიცი კორუფციის ასეთი მასშტაბები, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ და რაზეც ვლაპარაკობდით წლების განმავლობაში. მაგალითად, 2019 წლიდან ვლაპარაკობდით იმაზე, რომ საბავშვო ბაღების სააგენტოს უფროსი იყო ტენდერების წილში. წარმოიდგინეთ, რა დრონის ამაზრზენი ფსკერი უნდა იყო, როგორც ჩინოვნიკი, რომ ბავშვებს საკვების წილში ჩაუჯდე, როდესაც ყველა ბავშვი არ იღებს სრულფასოვან საკვებს საქართველოში.

ღარიბაშვილმა, რომელსაც ოქროს ზოდები ჰქონდა სახლში, რომელიც ახლა თავისუფლებაზეა, ბრალი აღიარა, რომ ორგზის პრემიერ-მინისტრი კორუფციაში იყო ჩაფლული.

ამ კორუფციული და ამ ძალადობის რეჟიმის პირობებში არავითარი ფასების შემცირება არ მოხდება. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული, პოპულისტური გზავნილი და მეტსაც გეტყვით - ფასები არა თუ არ დაიკლებს, მოიმატებს.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მაშინ თქვეს, დენის ტარიფი მეოთხედი იქნებაო და ახლა დენის ტარიფმა მოიმატა. სანამ ახლა ესენი კვლევას დაიწყებენ, სანამ ახალ მონოპოლიას შექმნიან თავიანთ ბიზნესთან ერთად, რომელსაც შემოწირულება შეაქვს „ქართული ოცნების“ ყულაბაში, ამასობაში ფასები ისევ მოიმატებს“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „ქართული ოცნების“ კორუფციასთან ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მმართველი გუნდი კორუფციას ებრძვის, მაშინ თბილისის მერი, კახა კალაძე უნდა დაიჭირონ.

„ესენი („ქართული ოცნება“) კორუფციას რომ ებრძოდნენ, მაშინ კახი კალაძეს რატომ არ იჭერენ? ელემენტარულად, სამსახურებრივი გულგრილობა მაინც ეკვეთება, ამხელა სააგენტოს უფროსი (კორუფციაშია ბრალდებული)... ჯერ ერთი, მერი საქმის კურსში უნდა იყოს ყველა მსხვილი ტენდერის, ამხელა სამსახური რისთვის ჰყავს? საკუთარ პიარში რომ ხარჯავს მილიონებს, რისთვის ჰყავს ის ადამიანები დასაქმებული, იმისთვის, რომ მხოლოდ „ფერარის“ ფონზე იპოზიოროს და ამ ადამიანებს აჩვენოს ფუფუნება?

კალაძის კორუფციაზე ლაპარაკი მარტო ბაღების სააგენტოდან ხომ არ მოდის, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა და ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით.

არავითარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არ არის, თქვენ რა გგონიათ, პარტიის შავ ყულაბას ვინ განაგებს? კობახიძე ხომ განაგებს. ქვეყანაში არის კორუფცია. ბიძინა ივანიშვილი ჯერ მოიხმარს ადამიანებს და შემდეგ გაწირავს, როცა მოუნდება“, - განაცხადს დეკანოიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე