ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენი პარტია სასურსათო ფასებთან დაკავშირებულ საკითხზე, პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობაში ჩაერთვება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იმ სპეციალური კომისიის მუშაობაში ჩაერთვება, რომლის შექმნასაც პარლამენტი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესასწავლად გეგმავს. ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სასურსათო ფასების საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას „სასაცილოს“ უწოდებს.

„ჩვენ ვიმუშავებთ ამ კომისიაში. როგორ ხდება ფასის დადგენა სურსათზე, საწვავზე, სესხზე რამდენია განაკვეთი, ან ვინ არის ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტიორი, ან ვის შემოაქვს გაზი, ან ხორბალი, ან თუნდაც როგორ ხდება პურის ფასის დადგენა, რამდენია დღგ, სად ყიდულობენ პროდუქტს, რომელიც მერე საქართველოში შემოაქვთ, იქ რამდენს იხდიან და შემდეგ რა თანხა ჯდება იმპორტი - ეს კითხვები არსებობს, რომელსაც ჩვენ კომისიის მუშაობის დროს დავსვათ. ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას, რომ ერთმა ქსელურმა მარკეტმა მთავრობა და სუს-ი, მეორე ქსელური მარკეტის ჩასაძირად არ გამოიყენოს. სუს-ის მიმართ საზოგადოებას ნდობა არ აქვს, სამწუხაროდ, უწყება რეპრესიული იარაღი გახდა. ფასები სიგიჟემდეა გაზრდილი. მაგალითად, მომავალი წლიდან ელექტროენერგიის ფასი იზრდება და ამის პარალელურად ქვეყანაში მინიმალური ხელფასი რატომ არ უნდა არსებობდეს? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წარდგენილი გვაქვს კანონპროექტი და პარლამენტს შეუძლია იმსჯელოს და კენჭი უყაროს.

აცხადებენ, რომ ბიუჯეტი იზრდებაო, რატომ არ შეიძლება ამ გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე პენსიონერების პენსია 200 ლარით, ან თუნდაც 100 ლარით გაიზარდოს? მიუხედავად იმისა, რომ პენსიები ბუნებრივად იზრდება, რადგან ეს ინფლაციაზეა მიბმული, რატომ არ უნდა წავიდეთ უფრო წინ, რომ 100 ან 200 ლარით მოხდეს პენსიების ზრდა? ამისთვის რამდენიმე მილიარდია საჭირო, რომლის საშუალებაც ბიუჯეტს აქვს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, სასურსათო ფასებთან დაანონსებული პროცესები მხოლოდ „საქმიანი ადამიანებისთვის ზემოქმედების მოხდენის მცდელობად არ უნდა დარჩეს“.

„რადგან უნდათ, რომ რეპრესიული ინსტიტუცია ამ პროცესებში ჩართონ, ეს საკითხი, მხოლოდ საქმიანი ადამიანებისთვის ზემოქმედების მოხდენის მცდელობად არ უნდა დარჩეს. ეს არ უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ერთი ქსელი მთავრობასთან ან ერთ კაცთან დალაგდეს და სახელმწიფო ინსტრუმენტები მეორე ქსელის ჩასაძირად გამოიყენოს. რაც მოხდება ამ კომისიის მუშაობის დროს, ჩვენ ამას საზოგადოებას არ დავუმალავთ, განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელიც მარკეტინგულად ეცდება, რომ მეტი დააკონვერტიროს და მეტი სარგებელი მიიღოს. ჩვენი ინტერესი იქნება, რომ კომისია გაფართოვდეს და „ოცნებას“ მანიპულაციის საშუალება არ მივცეთ, რომ ვიღაცების დაძირვა, ან ფულის მოთხოვნა დაიწყონ. გამოქვეყნდა, ასევე მონაცემები თუ რამდენი იყო ქსელური მარკეტების მოგება და ამ დროს ეს ხალხი [ხელისუფლება] გვეუბნება, რომ თურმე ეკონომიკის ჩამოშლის შიშით არ შეიძლება მინიმალური ხელფასის განსაზღვრა. კითხვები არსებობს, რომლებზეც პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ ჩვენ რომ დაგვეყენებინა ეს საკითხი, ისინი [„ქართული ოცნება“] მხარს არ დაგვიჭერდა. მაგრამ, რადგანაც კომისია იქმნება, თუ უკან არ დაიხევენ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაც შეაფასა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს, რომელიც დაადგენს, თუ სად მიდიოდა მაღალჩინოსნების მიერ მოპარული ფული.

„თუ საზოგადოება თანხმდება, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულება და სასამართლო არ არსებობს, შესაძლოა, მათ [ბრალდებული ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების] მიმართაც არ იყოს სამართლიანი სისტემა. მაგრამ, ცინიკურია, რომ ივანიშვილმა - ლილუაშვილი თანამდებობაზე ყოფილი „ნაცით“ ჩაანაცვლა და ახლა ის ადამიანები, რომლებიც გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ მართლმსაჯულებას ახორციელებს, ადეიშვილის მიერ კარგად გამოზრდილი პროკურორები არიან.

კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს - თუ ვის ინტერესებში მოქმედებდა ლილუაშვილი, სად მიჰქონდა ის თანხა, რომელსაც იპარავდა, სახლში? პარტიაში? ან ღარიბაშვილს სად მიჰქონდა ფული - სახლში, პარტიაში თუ ბიძინა ივანიშვილთან? ეს ადამიანები წლების განმავლობაში ვის ინტერესებში მოქმედებდნენ ან მხოლოდ 3 მილიონზეა საუბარი? ან იცოდა თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილმა? სამთავრობო ტელევიზიაში როგორი ქრონომეტრაჟით უნდა გავიდეს სიუჟეტები და რა უნდა იყოს დღის თემა - ამ რუტინაში შედის ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი], რეგიონებში ვინ საკრებულოს თავმჯდომარე და ვინ გამგებელი უნდა იყოს, ასეთ საკითხებში ერევა და წლების განმავლობაში ეს ადამიანები რომ ფულს იპარავდნენ, არ იცოდა? - ეს ზღაპარია. ან ეს „ქოლცენტრები“ დაიხურა თუ ისევ ფუნქციონირებს? ან ახლა ვინ ამუშავებს ამ „ქოლცენტრებს“, ან წილები როგორ განაწილდა, ან საერთოდ - ვინ მუშაობდა აქ? ეს კითხვები არსებობს. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე, ჩვენმა პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტში დააყენეს საკითხი, რომ „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, მაშინ რატომ ჩააგდეს ეს ინიციატივა და მხარი რატომ არ დაუჭირეს?

ორი ვარიანტი იყო, ან ლილუაშვილი უნდა აერჩიათ, ან ღარიბაშვილი. მაგრამ ღარიბაშვილი მისი აღზრდილია და უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ლილუაშვილი? ისიც ხომ ბოლომდე ემსახურა მას და გაჰყვა ბრძოლაში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ასევე, ლევან გოგიჩაიშვილმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა გირჩი ჯაფარიძის ინიციატივაც შეაფასა, ბრძოლის ერთიან ფრონტთან დაკავშირებით. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ეს ხალხი მისი „ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, რადგან ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიცია დაესუსტებინა, ხოლო ხელისუფლება გაეძლიერებინა“.

„ჩვენთვის ეს ხალხი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, რადგან ამ ხალხმა მათი მოქმედებით, სიბრიყვით თუ გამიზნულად ყველაფერი გააკეთეს, რომ ოპოზიცია დასუსტებულიყო და „ქართული ოცნება“ გაძლიერებულიყო. ამ კოალიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს - როგორ მოახერხეს ავტორიტარიზმის პირობებში, ოფიციალურად, 10 მილიონზე მეტი ლარის შესაკრებლის შეგროვება და დახარჯვა.

როგორ მოახერხა, დიქტატურის პირობებში „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებელმა თუ დირექტორმა და მისმა ოჯახმა, რომ ფული ოპოზიციურ პარტიაში მეტანა? არსებობს ხმები, რომ გილაურმა ამ პარტიას არჩევნებამდე 40 მილიონამდე მიუტანა, რეალურად რაც ჯერ ჩანს, არის 10 მილიონზე მეტი, რანაირად იშოვეს ამ ადამიანებმა ეს თანხები? როგორ მიიტანა სამთავრობო ბანკმა, ოპოზიციურ პარტიაში ფული? ამ კითხვებს არ ვსვამდით, რადგან პროფესიულ ეთიკას ვითვალისწინებდით, მაგრამ ეს კითხვები არსებობს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა