ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია -თუ დააკვირდებით მათ [ოპოზიციის] ქმედებებს, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი ხდება ქვეყანაში, ქვეყნის წინგადადგმულ ყველა ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სასურსათო ფასების დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება.
„ფასების რეგულირება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ სასურსათო პროდუქტებზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. შედარებებს თუ გავაკეთებთ, საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე არის გაცილებით მაღალი ფასები, ვიდრე, მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ეს ასე არ უნდა იყოს. შესაბამისად, საჭიროა ამის დარეგულირება, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, აისახება ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და თანადგომა სჭირდება. ამის დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ და ეს საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება. არის ბევრი ქვეყანა, სადაც გაკეთებულია სპეციალური კალათა ისეთი პროდუქტების, როგორიცაა, პირობითად, ფქვილი, ზეთი და მათი ფასი მითითებულზე ზევით არის უნდა იყოს. მოდი, დაველოდოთ მოკვლევას, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ფასები ძალიან განსხვავებული. იმედი მაქვს, ყველაფერი დარეგულირდება და მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებს, კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს ეწინააღმდეგება, რაც ქვეყანაში კარგი ხდება.
„თუ დააკვირდებით მათ ქმედებებს, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი ხდება ქვეყანაში, ქვეყნის წინგადადგმულ ყველა ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან. პირიქით, დარბიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულების გაუქმების და ქვეყნის სანქციების მოთხოვნას აყენებენ. ამას კი არ მალავენ, ღიად საუბრობენ და ამაყობენ, რომ ქვეყანას ებრძვიან. პირდაპირ ღალატს სჩადიან. ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული, თავიანთი მესიჯბოქსით, განცხადებებით. კანდიდატის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში კაბინეტებში დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ა.შ. ჩვეულებრივი მოღალატეები და ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან - რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე, პარლამენტს სთხოვა, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას. თავის მხრივ, სუს-მა განაცხადა, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს, ისე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, პარლამენტში სპეციალური კომისია შექმნას.