აშშ-ის ადმინისტრაციიდან გვესმის იგივე გზავნილები, რასაც ჩვენ ვაჟღერებდით, რაც გარკვეულწილად შფოთვის საფუძველი გახდა ჩვენს საზოგადოებაში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა USAID-თან დაკავშირებით.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მარკო რუბიოს განცხადებები ადასტურებს, რომ სრულიად მართებული იყო ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა.
„ეს არის შეფასება იმ რეალობის, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ საუბარი რამდენიმე წლის წინ და რასაც მიეძღვნა ჩვენი მხრიდან გამჭვირვალობის კანონი. სწორედ იმის გამო მივიღეთ კანონი, რომ გარკვეულ ნაბიჯებს ვხედავდით არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის ინტერების საზიანოდ. ამ ქმედებებზე ანგარიშვალდებული რეალურად არავინ იყო და ნამდვილად ჰქონდა ხელისუფლებას ის პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაგვეცვა. ახლა უკვე აშშ-ის ადმინისტრაციიდან გვესმის იგივე გზავნილები, რასაც ჩვენ ვაჟღერებდით, რაც გარკვეულწილად შფოთვის საფუძველი გახდა ჩვენს საზოგადოებაში. დღეს უკვე აშკარაა, რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო რეალური საფუძვლის მქონე ქმედებები და რეალური საფრთხეების გასამკლავებლად გადადგმული ნაბიჯები. სრულიად მართებული იყო ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა და ამას ადასტურებს მარკო რუბიოს განცხადებები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული ბიუროკრატია დაცლილია ევროპული ინტერესების დაცვისგანაც კი, რაც უარყოფითად მოქმედებს ორმხრივ ურთიერთობებზე.
„დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოსთან მიმართებით თავისი ქმედებებით სრულიად დაცლილია პრაგმატიზმისგან და არაფერი იძებნება იქ ევროპული ინტერესისაც. სამწუხაროა ეს რეალობა. ძალიან სამწუხაროა, როცა ევროპული ბიუროკრატია ევროპული ინტერესების დაცვისგანაც კი არის დაცლილი, რაც უარყოფითად მოქმედებს ორმხრივ ურთიერთობებზე. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ევროკავშირი, მაგრამ ასევე არის ის ქვეყანა, რომელიც ჭირდება ევროკავშირს მათი საკუთარი ინტერესების დასაცავად,როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და მრავალი. აქედან გამომდინარე სრულიად არაპრაგმატულია ის ორმაგი სტანდარტი, რაც ევროპულ ბიუროკრატიას აქვს საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.