2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1317 კონსტიტუციური სარჩელი („გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“). ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადავო რეგულირება ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე დახმარების გაცემის საფუძვლად, განსაზღვრავდა საავადმყოფო ფურცელს, ამასთან, გამორიცხავდა ორსული (მშობიარე) ქალის გარდაცვალების გამონაკლისი შემთხვევის გარდა, ბავშვის მამისათვის შვებულებისა და, შესაბამისად, ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობას.
„მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმები ადგენდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, ერთი მხრივ, ბიოლოგიურ დედასა და ბიოლოგიურ მამას, მეორე მხრივ კი, ბიოლოგიურ მამასა და მშვილებელს მამას შორის. დამატებით, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო რეგულირება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ შრომის თავისუფლების უფლებას.
მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, ფინანსური რესურსის არასაკმარისობის პირობებში, შერჩეული გადაწყვეტა პრიორიტეტულად უზრუნველყოფდა ქალის უფლებების დაცვას. ამასთანავე, მშობლებს შორის ანაზღაურებადი შვებულების დღეების ურთიერთშეთანხმებით გაყოფის მექანიზმი საფრთხეს შეუქმნიდა ქალის ჯანმრთელობისა და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ინტერესებს. თავის მხრივ, იმ დასაქმებულისათვის, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა და შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ დასაქმებულისა და ბავშვის ინტერესების დაცვა, არამედ ბავშვის ინსტიტუციებიდან გამოყვანისა და ოჯახურ გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, მიუთითა, რომ №1317 კონსტიტუციურ სარჩელზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმდინარეობისას, სადავოდ გამხდარი ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამასთან, კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითი გავლენა მოახდინა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ სამართლებრივ პრობლემაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალწარმოება გააგრძელა ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების გზით.
აღნიშნულის შემდგომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა სადავო რეგულირების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლების უფლების ფორმალურ მოთხოვნებთან და განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე მოახდინა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის შემუშავებისა და დამტკიცების უფლებამოსილების დელეგირება. ამასთანავე, კანონმდებელმა თავად განსაზღვრა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან დაკავშირებული კონცეპტუალური საკითხები – მათ შორის, განსაზღვრა უფლებით მოსარგებლე სუბიექტი დასაქმებულის სახით, სქესზე მითითების გარეშე. თავის მხრივ, სადავო ნორმების საფუძველზე, დავიწროვდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და, შესაბამისად, მისი ანაზღაურების უფლებით მოსარგებლე, საქართველოს შრომის კოდექსის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) მიერ განსაზღვრული პირთა წრე, რაც სცილდებოდა კანონმდებლის მიერ სამინისტროსათვის გადაცემული კომპეტენციის ფარგლებს.
სადავო მოწესრიგების სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობის საკითხზე მსჯელობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმები ადგენდა დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ სუბიექტებს − ერთი მხრივ, ბიოლოგიურ მამასა და ბიოლოგიურ დედას, მეორე მხრივ კი, ბიოლოგიურ მამასა და იმ მამას შორის, რომელმაც 1 წლამდე ბავშვი იშვილა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ერთიან სამართლებრივ კონსტრუქციად რეგლამენტირების მიუხედავად, ერთი მხრივ, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის მოვლის გამო შვებულება ავტონომიური მიზნების უზრუნველსაყოფად არსებობდა. კერძოდ, ბავშვის მოვლის გამო შვებულება უზრუნველყოფს მშობლის კავშირს ბავშვთან და ანიჭებს მას შესაძლებლობას, იზრუნოს ბავშვზე, მონაწილეობა მიიღოს მისი მოვლის პროცესში. ამასთანავე, ბიოლოგიურ დედასა და ბიოლოგიურ მამას გააჩნიათ მსგავსი ინტერესი და ფლობენ მსგავს შესაძლებლობებს, თანასწორ საწყისებზე ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ იკვეთებოდა ლოგიკური კავშირი სადავო რეგულირებასა და ქალის ჯანმრთელობის დაცვის საჯარო ინტერესს შორის.
ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო რეგულირება იმ შემთხვევისთვის, როდესაც ბავშვის დედა ცოცხალია, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, მათ შორის, მაშინაც კი, როდესაც ბავშვი არ იმყოფება ბუნებრივ კვებაზე ან დედა საკუთარი სურვილით უარს ამბობს დასახელებული უფლებით სარგებლობაზე, გამორიცხავდა ბავშვის ბიოლოგიური მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და დახმარების მიღების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. მაშასადამე, სადავო მოწესრიგება იმაზე მეტი ინტენსივობით ზღუდავდა ძირითად უფლებას, ვიდრე ეს აუცილებელი იყო ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის.
დამატებით, მშვილებელი მამისა და ბიოლოგიური მამის მიმართ დადგენილი განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს კავშირი არ გააჩნდა დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობასთან.
აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო სადავო წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ორსული (მშობიარე) ქალის ბავშვის ბიოლოგიური მამისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და, შესაბამისად, ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობას.
დავის საგანი: „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.