ირაკლი კობახიძე - დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი -  კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ასევე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან რადიკალური პარტიის ლიდერები - ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და თვითონ ადებენ მაღალ ფასნამატს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი უნდა მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი და არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს.

„კონკრეტული ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირ, აშკარად ხელს აფარებდნენ სადისტრიბუციო ბიზნესს, ასევე ქსელებს და პირდაპირ აქცენტი ხელოვნურად გადაჰქონდათ დღგ-ზე, რაც პირდაპირ აჩენს ეჭვს, რომ იყო პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებიც. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ისიც, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, ასევე, სხვა მიმართულებითაც იკვეთება მათი პირდაპირი თანამონაწილეობა. ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერები. ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და თვითონ ადებენ მაღალ ფასნამატს, რაც საბოლოო ჯამში, ფასების ზრდას იწვევს. ყველა ამ ადამიანს მოუწევს პასუხების გაცემა. კეთილი ინებოს და ამ ასოციაციის ხელმძღვანელი მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს და საზოგადოებამ უნდა ნახოს და შეაფასოს ეს ყველაფერი. თუ ვერ დაასაბუთებენ, მაშინ კეთილი ინებონ და დაწიონ ფასები. არ შეიძლება ასმა ადამიანმა იძალადოს 4 მილიონ ადამიანზე. თუ ჩვენ დავადგენთ, რომ 100 ადამიანი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, აქაც სახელმწიფო უნდა ჩაერიოს", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო. კერძოდ, განმარტავს, რომ როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და მეორე მხრივ, 18%-იან დღგ-ზე, ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია.

„დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო. 86%-ია ფასნამატი, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, საზღვრიდან დახლამდე. ამას რომ დავამატოთ საზღვრამდე ფასნამატი, გამოდის ორმაგი და მეტი. როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და შენ 18%-იან დღგ-ზე საუბრობ, აქ ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია. გადასახადი არის ის, რაც ბოლოს ისევ ხალხს უბრუნდება, იმიტომ, რომ შედის ბიუჯეტში და შემდეგ ხმარდება სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურას და ა.შ. განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელიც შედის ბიზნესებში. აქ სპეკულაციები არის საკმაოდ უადგილო. საუბარია ორმაგ ფასნამატზე და აქ 18%-ზე საუბრობენ. ფასნამატი რომ ნაკლები იყოს, დღგ-ც აბსოლუტურ მაჩვენებლებში იქნება უფრო ნაკლები. შენ თუ ნაკლებ ფასნამატს დაადებ, მაგალითად, მესამედით თუ შემცირდება მათი ფასნამატი, დღგ-ც შესაბამისად, პროპორციულად შემცირდება", - განაცხადა პრემიერმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში