ძალადობრივი მოწოდება 4 ოქტომბრის აქციაზე არ ყოფილა. განაცხადეს, მივდივართ ხელისუფლების ჩასაბარებლადო, ეს რიტორიკაა, რომლის გამოც ადამიანების სისხლის სამართლის წესით დასჯა ანტიკონსტიტუციურია - სუს-ს არ წარმოუდგენია კომუნიკაციის შინაარსი და მარტო იმიტომ, რომ მურთაზ ზოდელავა მისი კარის მეზობელია, რომელთანაც მასთან კომუნიკაცია ჰქონდა, ამით დანაშაული როგორ დასტურდება? - ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას დაკავება.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს თბილისში მიმდინარე მოვლენები არა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, არამედ სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად უნდა ჩავთვალოთ.
„რამდენიმე წელია ქვეყანაში საკონსტიტუციო წყობის დასრულების მცდელობა, დემოკრატიის მოსპობა და კანონის უზენაესობის გაუქმება მიმდინარეობს. 2023 წლიდან ქვეყანაში კონსტიტუციის რღვევა მიმდინარეობს, რომელიც შემდეგ უკვე ნათალად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოიხატა, ეს კი იმაში გამოჩნდა, რომ ყველა არასახელისუფლებო დამკვირვებელმა მძიმე დარღვევებზე მიანიშნა, რამაც შემდგომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მეორე, ქვეყანაში მიღებულ იქნა ისეთი კანონები და გადაწყვეტილებები, რომელიც 2023 წლიდან დაიწყო - „რუსული კანონით“, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული. ბოლოს იყო შეტევა უნივერსიტეტებზე, რომელიც არაკონსტიტუციურია, რადგან კანონით გარანტირებულია ასეთი ტიპის საქმიანობის ავტონომიურობა. მიიღეს კანონები პროტესტანტების წინააღმდეგ, ადამიანებს პროტესტის გამოხატვის უფლება აღარ აქვთ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს. აქედან გამომდინარე, საზოგადოების რეაქცია 4 ოქტომბერს აჩვენებს, რომ ხელისუფლება დანაშაულს სჩადის. რაღა დარჩა აბა საზოგადოებას, შეეგუოს ქვეყანაში დამდგარ მოცემულობას? მაშინ ეს დანაშაულში თანამონაწილეობაა. საკონსტიტუციო სისტემას ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ. 4 ოქტომბერი არანაირად არ იყო სახელმწიფო გადატრიალება - ეს სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
მეორე საკითხია, თუ რას აკეთებდნენ ეს ადამიანები, ამ პროცესის ლიდერებად ჩანდნენ, მათ ჰქონდათ რიტორიკა, რომ სახელმწიფო ჩამორთმეული და მიტაცებულია, ამას კი საზოგადოების პროტესტი სჭირდება. ძალადობრივი მოწოდება იქ არ ყოფილა, განაცხადეს, რომ მივდივართ ხელისუფლების ჩასაბარებლადო, ეს რიტორიკაა, რომლის გამოც ადამიანების სისხლის სამართლის წესით დასჯა ანტიკონსტიტუციურია. სუს-ში განაცხადეს, რომ ამ პროცესებში ბაჩო ახალიაც ჩართული იყო, რომელიც აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამ პროცესების მოაზრებულ ლიდერებთან, მაგრამ არავინ იცის თუ რა საკითხზე მიმდინარეობდა საუბარი. სუს-ს არ წარმოუდგენია კომუნიკაციის შინაარსი და მარტო იმიტომ, რომ მურთაზ ზოდელავა მისი კარის მეზობელია, რომელსაც უკვე წლებია იცნობს და მასთან ჰქონდა კომუნიკაცია, ამით დანაშაული როგორ დასტურდება? სახელმწიფო მიტაცების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი, არ მგონია დანაშაული იყოს. აქციაზე ძალადობრივი მომენტიც იყო, როდესაც ღობის მორღვევა მოხდა, ჯერ ეს გამოიძიონ ვინ მოარღვია ღობე, ამის შემდეგ შესაძლოა, რომ სხვა კითხვებს გაეცეს პასუხი“,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ბაჩო ახალიას მიერ დუმილის უფლების გამოყენება მიანიშნებს იმაზე, რომ ის უსამართლო გამოძიების პროცესში საკუთარ თავს იცავს, თუმცა მისი მეუღლის, ანა ნადარეიშვილის მიმართ დაწყებულ პროცესს, მორალური დამუნათების მცდელობად აფასებს.
„ეს იაფფასიანი მორალური დამუნათების მცდელობაა, რომ თურმე ბაჩო ახალია თავის მეუღლეს არ იცავს. ბაჩო ახალია არ თანამშრომლობს ამ გამოძიებასთან. მისი ერთადერთი იმედი შესაძლოა საერთაშორისო გამოძიება იყოს, როდესაც ამის დრო მოვა. სასამართლო უნდობლობას იწვევს, ამიტომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ სასამართლოს ამაში ვენდობი და ამაში არა. კაცი 10 წელი იჯდა ციხეში იმისთვის, რაც შესაძლოა ჩაიდინა და იმისთვის, რაც შესაძლოა არ ჩაუდენია. წინა საქმეებიც, ბაჩო ახალიას მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად არის გამოძიებული. 10 წელი სამარტოო საკანში იჯდა, ეს ყველა საზოგადოებაში დანაშაულის გამოსყიდვად ითვლება. ახლა კი უნდათ, რომ მის წინააღმდეგ პროცესები თავიდან დაიწყონ. აცხადებს გამოძიებას არ ვენდობიო და რომ ეთქვა - „ანის არ ულაპარაკია, მე მქონდა კომუნიკაციაო“, მაშინ სუს-ი მას დაუჯერებდა? რა ლოგიკაა?“- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და კიდევ სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების კვალიც დაინახოს, დავით დარჩიაშვილის თქმით, „რა წუთსაც დასჭირდებათ, გრიგოლ ლილუაშვილს ამ შეთხზულ ამბებში იმ როლს მიანიჭებენ“.
„არ გამოვრიცხავ. ყველაფერზე წამსვლელები არიან - მანიპულაციები, გაყალბება, ამებების მოგონება, პირდაპირი ძალადობა. რა წუთსაც დასჭირდებათ, გრიგოლ ლილუაშვილს ამ შეთხზულ ამბებში იმ როლს მიანიჭებენ. ჯერ ჩათვალეს საჭიროდ, რომ კორუფციაში მონაწილედ გამოეცხადებინათ. ასევე, ლილუაშვილთან მიმართებით მორალური წნეხი შექმნეს, რომ თურმე ბავშვებს ფულს იპარავდა. ეს ყველაფერი სისტემურად 1937 წლის ამბებს წააგავს, მაშინ თავიანთ რიგებში, რომ ჯაშუშებს დასდევდნენ „ბოლშევიკები“. ვის რა როლს მიანიჭებენ, ამის თქმა ძნელია. მიაწერენ თუ არა 4 ოქტომბრის ამბავს ლილუაშვილს? - როგორც დასჭირდებათ ისე მოხდება, გააჩნია რა მოიხარშება მათ ავადმყოფურ თავში“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.