კომუნიკაცია როგორი სახის იყო, ის არ იციან, შინაარსი კი არა - ვარაუდიც არ აქვთ, დანარეკი რომ იყოს, შესაძლოა რაიმე ივარაუდო, მაგრამ ზარი იყო თუ არა ეგეც არ იციან,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს, ადვოკატის თქმით, მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, აღნიშნულ საქმეში, რადგან მის წინააღმდეგ დევნა არ შეჩერებულა, აქედან გამომდინარე, ადვოკატის აზრით, ნადარეიშვილი სასამართლო დარბაზიდან არ უნდა გაეყვანათ.
„საქმეში არანაირი პერსონალური ინფორმაცია გაჟღერებული არ ყოფილა, პოლიციის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაციაც ყველა საქმეში ცნობილია, ამ მოტივით ყველა საქმის დახურვაა შესაძლებელი. ეს არ შეიძლება, ეს საჯაროობის პრინციპის დარღვევაა.
მტკიცებულებებს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ ფრთხილად უნდა იყოს, ვინმესთან ისეთი ზარი არ გამოგივიდეთ, რომ ამ ზარის გამო... [დაგაკავონ] ზარიც არ არის, უბრალოდ ინტერნეტ აქტივობის გამო, შესაძლოა „ფეისბუქზე“ პოსტი „დააგულო“ და ეს სუს-მა ინტერნეტ აქტივობად ჩაგითვალოთ და ამის გამო დაგაკავონ",- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ახალაიას საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
„არანაირი მტკიცებულებები არ არის, მხოლოდ არის ინტერნეტ აპლიკაციის კომუნიკაცია WIFI-ის მეშვეობით. არ აქვთ დადგენილი თუ რა მოწყობილობა იყო დაკავშირებული. დარეკილი რომ არის, ამას ვერავინ ვერ ადასტურებს. შესაძლოა, ინტერნეტ ლაივში იყო შესული და მოუწონა. ზღაპარია. კომუნიკაცია რომ იყო, ამას ვერავინ ვერ ადასტურებს, კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა არ ახსოვს როდის, მათ სისტემატური კომუნიკაცია ჰქონდათ, რადგან ოჯახის ახლობელია. კომუნიკაციას ბაჩო არ უარყოფს.
სუს-ის ბრიფინგის ბოლო ნაწილით, დასტურდება, რომ ბაჩოს მიმართ იყო შეთავაზება, რომ არ დაიჭერდნენ და ბავშვს მარტო არ დატოვებდნენ, თუ ამ საკითხებს დაადასტურებდა.
მას ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით უარი არ უთქვამს, მან თქვა, რომ ადვოკატის თანდასწრებით ნებისმიერ კითხვას გასცემდა პასუხს",- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.