სახალხო დამცველი განმარტავს, რა შინაარსის იქნება პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში წელს შეტანილ რიგ ცვლილებებთან დაკავშირებით ომბუდსმენის საკონსტიტუციო სარჩელი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში წელს შეტანილ რიგ ცვლილებებს უკავშირდება.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საკმარისი სამართლებრივი არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენენ სასარჩელო მოთხოვნას, სადაც ერთ-ერთი ნაწილი ნიღბის აკრძალვა იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის კონტექსტში, რაც „არაპროპორციული შეზღუდვაა“.

„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები რამდენიმე ეტაპად იქნა მიღებული. ჩვენ მივმართეთ ეუთო/ოდირს, რომ შეეფასებინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ეს ცვლილებები საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. ამჟამად ამ შეფასებებზე დაყრდნობით, მათ შორის ცვლილებების სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსზე. საკმარისი სამართლებრივი არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგენთ სასარჩელო მოთხოვნას.

ნიღბის აკრძალვის თაობაზე თავის დროზე განცხადებაც გავაკეთეთ და ეს რეგულაცია უარყოფითად შევაფასეთ. შესაძლოა არსებობდეს სრულიად ობიექტური მიზეზი, რის გამოც აქციის მონაწილისთვის ნიღბის ტარება აუცილებელიც კი იყოს. მაგალითად, მას შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა და ნიღაბი დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. შესაბამისად, ნიღბის აკრძალვა შეკრებისა და მანიფესტაციის კონტექსტში არაპროპორციული შეზღუდვაა. ეს საკითხიც იქნება ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეკრება არ გულისხმობს მხოლოდ პარლამენტის წინ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს. შეკრება ნიშნავს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ სხვადასხვა სოციალური საკითხის შესახებ აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას. ეს კანონი ყველა ასეთ შეკრებას ეხება. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები არა მხოლოდ არ აუმჯობესებს, არამედ ამძიმებს კიდეც ადამიანის უფლებების მდგომარეობას”, - აღნიშნა იოსელიანმა.

გარდა ამისა, მან სასამართლო გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წელს როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების რაოდენობა, ისე მისი ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„სასამართლო გადაწყვეტილებების მონიტორინგს ჩვენ არ ვახორციელებთ, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ არსებულ ტენდენციებზე. მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, 2023-2024 წლებში ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სასჯელის ფორმა, სასამართლოებში შედარებით იშვიათად გამოიყენებოდა, 2025 წელს კი როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების რაოდენობა, ისე მისი ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ წინა წლებში სასამართლო ხშირად შემოიფარგლებოდა გაფრთხილებით ან ჯარიმით, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმების ოდენობაც - თუ ადრე ჯარიმა 500 ლარს შეადგენდა, დღეს ის 5.000 ლარამდეა გაზრდილი. ჯარიმების ასეთი არაპროპორციული ზრდა, ბუნებრივია, ძალიან მძიმედ აისახება მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე“,- აღნიშნა იოსელიანმა.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!