ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ [ოპოზიციის] არსებითი განახლების გარეშე, შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი შევცვალოთ - ამას სჭირდება არსებითად ახალი პოლიტიკური სივრცე, სულ სხვა ხალხი, ვინც არის გაუსვრელი და ვის მიმართაც იარსებებს ნდობა, ამასთან, ვინც შეძლებს არაფრის ფასად არ გატყდეს და ვინც რეჟიმის სრულ დემონტაჟში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ახვლედიანის შეფასებით, „რეჟიმის მიერ 100-200-300 ათასი შეწუხებული ადამიანის ქუჩაში გამოსვლას აუცილებლად უნდა შეხვდეს ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის შემქმნელიც დღევანდელი ოპოზიცია აღარ არის“.
„ერთი მხრივ, ივანიშვილმა წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიცია ყოფილიყო უმძიმეს კრიზისულ მდგომარეობაში, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიციამ, მაინც და მაინც, ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ დღეში არ აღმოჩენილიყო. ამის უნიკალური შანსი მას 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა, რომელიც საუბედუროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა აბსოლუტურად არაეფექტურად გამოიყენა. სხვა ნაწილმა შეიძლება მეტად ეფექტურად გამოიყენა, მაგრამ მაინც, ნაკლებად შედეგიანია. მე მითქვამს ბევრჯერ და გავიმეორებ ახლაც - სამწუხაროდ, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ამ ოპოზიციამ, ამ კონფიგურაციით ოდნავ მაინც რამე სასიკეთო ცვლილების შეტანა შეძლოს.
რაც შეეხება ზურა ჯაფარიძეს, დღეს მთელ სპექტრში, ის არის ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ოპოზიციონერი ლიდერი, მაგრამ მიმაჩნია, რომ რაღაც მაინც არ მიდის სწორად. ის ამბობს, რომ ხალხი უნდა გამოვიყვანოთ გარეთ ქუჩაში. მე ამ აზრს ვეთანხმები, მაგრამ მინდა მისგან მოვისმინო ისიც, ამის შემდეგ რა ხდება. ხალხი გამოსულა ქუჩაში რამდენიმე ასეული ათასიც, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობდა შესაბამისი პოლიტიკური დღის წესრიგი, ფაქტობრივად, ეს მუხტი ჩვენ ჩავკალით. თუ აქვს რამე გეგმა ბატონ ზურაბს, სიამოვნებით შევხვდებოდი და ვესაუბრებოდი.
ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ამ ძველი შემადგენლობით, არსებითი განახლების გარეშე, შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი შევცვალოთ. ამ არსებით განახლებას სჭირდება არსებითად ახალი პოლიტიკური სივრცე საქართველოში, რასაც სჭირდება სულ სხვა ხალხი, ვინც არის გაუსვრელი. ვის მიმართაც იარსებებს ნდობა და ვინც შეძლებს, ერთი მხრივ, არაფრის ფასად არ გატყდეს (სხვათა შორის, ჯაფარიძე ამის ერთ-ერთი მაგალითია), მაგრამ მეორე მხრივ, შეძლებს იმასაც, რომ რეჟიმის სრულ დემონტაჟში მიიღოს მონაწილეობა განსაზღვრული გეგმით. ამასთან, საზოგადოებისთვის შეძლოს ნათლად იმის თქმა, შემდგომ რა ხდება საქართველოში. რეჟიმის მიერ 100-200-300 ათასი შეწუხებული ადამიანის ქუჩაში გამოსვლას აუცილებლად უნდა შეხვდეს ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის შემქმნელიც დღევანდელი ოპოზიცია აღარ არის“,- განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანის შეფასებით, ოპოზიციის დღევანდელი პრობლემა საზოგადოებაში ნდობის არ არსებობაა და მას „მისი აღდგენის უნარიც აღარ გააჩნია“.
„მე ვხვდები ადამიანებს და მათთან ერთად ვცდილობ, რომ შევქმნათ ის ახალი პოლიტიკური მოცემულობა, რომელმაც შეიძლება მოახერხოს ნდობის მოპოვება საზოგადოებაში. საკმარისია, ნდობა მოიპოვო და ივანიშვილისთვის ხდები ალტერნატივა. ნდობის არარსებობა, რაც დღეს გვაქვს, არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ყველაფერი შეიძლება გქონდეს, მაგრამ თუ წესიერება, ნდობა და უნარი არ გაგაჩნია, ეს ყველაფერი ვერ დაგილაგდება. თუ უნარი, წესიერება და ნდობა გაქვს, ყველაფერი სხვა მოიპოვება. [ოპოზიციის წარმომადგენლებს] ეს, რა თქმა უნდა, აკლიათ. „ოცნებას“ საერთოდ არ გააჩნია წესიერება. ეს არის უწესობის ზენიტი. რაც შეეხება ნდობას, მას საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნდობა არ გააჩნია. ის ამ ნდობას აკოწიწებს შიშით, შანტაჟით, მოსყიდვითა და რუსული პროპაგანდით. რაც შეეხება ოპოზიციას, მას ნდობა არსებითად დაკარგული, გაფლანგული აქვს და მისი აღდგენის უნარიც აღარ გააჩნია.
2024 წელს ოპოზიციამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ვერ შეძლო არსებითი განახლება. ამის შესაძლებლობა ჰქონდა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ გარდა, არსებითი განახლების გზით არავინ წასულა და იქაც კი განახლება ვერ გამოდგა საკმარისი წარმატებისთვის. გვჭირდება პოლიტიკოსების ახალი გუნდი, წესიერი ადამიანებით. წესიერი კაცის ეშინია ივანიშვილს, კობახიძეს. უწესობა, ეს არის სიბნელე, წესიერება - ეს არის სინათლე“,- განაცხადა ახვლედიანმა.
გარდა ამ თემისა, ახვლედიანმა ისაუბრა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზეც და აღნიშნა, რომ დღევანდელი პროკურატურისა და სასამართლოს პირობებში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, „სიმართლის დადგენა შეუძლებელია“.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პირობებში, ახალაიას საქმის გამოძიება არის დიდი ბუნდოვანება. თუ ის დადასტურდა, რასაც ეს ბატონი ამბობს, რომ მას აშანტაჟებდნენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება დამატებით ერთი სისხლის სამართლებრივი საქმე მათ მიმართ, ვინც ამას ჩადის. მაგრამ ამ რეჟიმის პირობებში ეს როგორ უნდა დადგინდეს? ამიტომაც, წარმოსახვით, წარმოდგენით უფრო ემხრობი იმას, რომ ახალაია მართალია იმაში, რასაც ამბობს. ის, რომ ის წინა რეჟიმის, სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს, მაინც და მაინც, ყველას ეჭვი გვქონდეს მის მიმართ. დადგინდეს რა არის სიმართლე, მაგრამ დადგინდეს ვის მიერ? ამ პროკურატურის მიერ? ამ სასამართლოს მიერ? ეს შეუძლებელია“,- განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანმა, ამასთან, შეაფასა 2025 წელს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და აღნიშნა, რომ „ამ რეჟიმის [„ქართული ოცნების“] გამო, საქართველომ ხელიდან გაუშვა შანსი, გამხდარიყო თანამედროვე, წარმატებული, ძლიერი, სამართლებრივი, ევროპული ტიპის სახელმწიფო“.
„ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმი არსით, სულისკვეთებით, შეფერილობით, ფორმით და შინაარსით რუსული ყაიდის არის, იმიტომ, რომ ივანიშვილმა მმართველობის კრემლისტური მეთოდები დანერგა და ახლა, კობახიძემ გაამრავალფეროვნა. რუსეთი ავტორიტარულ ქვეყნებს შორის ლიდერია, რომელიც წლების განმავლობაში ახერხებს, რომ სრულად გაანადგუროს ოპოზიციური აზრი, თანაც ისე, რომ თავი გაიმართლოს კანონით და თქვას, რომ ყველაფერი კანონთან შესაბამისობაშია. სწორედ ამ გზით წავიდა ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმიც. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონთან მართლები არიან, თუმცა როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ ან აცნობიერებენ და არ ადარდებთ, რომ ეს კანონები თავის თავში უსამართლო, კონსტიტუციასთან და საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამოა“, - განაცხადა ახვლედიანმა.