საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საჯარო მოხსენებით წარსდგა, რომელიც საქართველოსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის მრავალწლიანი, მდგრადი და სტრატეგიული სამეცნიერო კოლაბორაციის ჩამოყალიბების ისტორიულ საფუძვლებს, ათწლეულების მანძილზე კვლევითი ურთიერთობების განვითარებას, დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს მიეძღვნა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სტუ-ის რექტორის საჯარო მოსმენა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. მოხსენება მოისმინეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ, მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა გიორგი ჯაფარიძემ, საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, აკადემიის პრეზიდიუმის წევრებმა - გენერალურმა მრჩეველმა გიორგი კვესიტაძემ, ხვედრი ინასარიძემ, ჯონი ხეცურიანმა, ჯაბა სამუშიამ, თამაზ შილაკაძემ და მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საჯარო მოხსენებით გამოსვლისას განიხილა ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევით ცენტრის - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ჩამოყალიბების ისტორიული კონტექსტი, გლობალური მასშტაბით ფუნდამენტური კვლევების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მეცნიერების დიპლომატიის განვითარებაში მისი უნიკალური როლი, ასევე ისაუბრა CERN-ის, როგორც მსოფლიო კვლევითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობის შესახებ თანამედროვე ცივილიზაციის პროგრესისთვის.
აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ვრცლად მიმოიხილა CERN-ის სამეცნიერო ეკოსისტემაში ქართული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობის ევოლუცია 1960-იანი წლებიდან დღემდე, ყურადღება გაამახვილა მათ ინსტიტუციურ მონაწილეობაზე მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო მიმართულებებში, ისაუბრა ქართველ მეცნიერთა წვლილზე CERN-ში მიმდინარე ისეთ უმნიშვნელოვანეს ექსპერიმენტებში, როგორებიცაა CMS, ATLAS და ShiP.
„1996 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაშინდელი პრეზიდენტის - აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის ინიციატივითა და ძალისხმევით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის და CERN-ის იმდროინდელი აღმასრულებელი დირექტორის - კრისტოფ ლეველინის ხელმოწერებით საქართველოს მთავრობისა და CERN-ს შორის შედგა საერთაშორისო შეთანხმება მაღალი ენერგიების ფიზიკის სფეროში. მას შემდეგ საქართველოსა და CERN-ს შორის თანამშრომლობა შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერების დიპლომატიის თვალსაჩინო და შთამბეჭდავ მაგალითად, სადაც საერთო ღირებულებები - ცოდნის თავისუფლება, საერთაშორისო თანამშრომლობა და მეცნიერების მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენება - ჰარმონიულად ემსახურება როგორც ეროვნული ინტერესების გაძლიერებას, ისე გლობალური სამეცნიერო საზოგადოების პროგრესსა და ინტელექტუალურ წინსვლას. CERN-ის მრავალმხრივ სამეცნიერო ეკოსისტემაში საქართველოსა და მისი საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუციების აქტიური ჩართულობა ეფუძნება ქვეყნის სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიზანია ინტეგრაცია საერთაშორისო კვლევით სივრცეში, მაღალტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება და ახალგაზრდა მეცნიერებისა და ინჟინრების ჩართვა მსოფლიო დონის მეგაპროექტებში. ამგვარი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს აკადემიურ და კვლევით შესაძლებლობებს, ამაღლებს ეროვნულ სამეცნიერო კონკურენტუნარიანობას და ქმნის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ცოდნის ტრანსფერისთვის, ინოვაციური ტექნოლოგიების ადაპტაციისა და მეცნიერებაზე დაფუძნებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. სადღეისოდ, საქართველოსა და CERN-ს შორის ჩამოყალიბებული კოლაბორაცია არის მდგრადი, დინამიკურ და გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც ეროვნულ სამეცნიერო პოტენციალს ორგანულად აკავშირებს მსოფლიო მასშტაბის კვლევით ინფრასტრუქტურასთან. CERN-ი როგორც ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების გლობალური ლიდერი და ტექნოლოგიური ინოვაციების ერთ-ერთი უმთავრესი გენერატორი, აერთიანებს სახელმწიფოების, აკადემიური ინსტიტუციებისა და წამყვანი მეცნიერების ინტელექტუალურ რესურსს კაცობრიობის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური კითხვების გააზრებისა და გადაჭრის მიზნით“, - აღნიშნა რექტორმა.
აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, 2023 წელს, სტუ-სა და თსუ-ის ჩართულობით საქართველო-CERN-ს შორის გაფორმდა ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ამჟამად საქართველოს CERN-ში წარმოადგენს ქართველი მეცნიერი, სტუ-ის კვანტური ფიზკისა და საინჟინრო ტექნოლოგების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ხოლო 2024 წელს სტუ-სა და CERN-ს შორის „მომავლის წრიული კოლაიდერის“ (Future Circular Collider) კვლევითი ინიციატივის ფარგლებში გაფორმდა სამეცნიერო პარტნიორობის ახალი, უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია 2040-2045 წლებში. რექტორის თქმით, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რეგიონში ამ მასშტაბის სამეცნიერო ხელშეკრულება ჯერ მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არის გაფორმებული, რაც გზას უხსნის ქართულ სამეცნიერო პოტენციალს უმსხვილეს მეგაპროექტებში ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფები აქტიურად არიან ჩართულნი CERN-ის CMS და ATLAS ექსპერიმენტებში და ასრულებენ საკვანძო ამოცანებს მსოფლიოს უდიდესი ექსპერიმენტების წარმატებით რეალიზაციისთვის. ჩვენი უნივერსიტეტიდან CMS ექსპერიმენტის წევრები არიან: ზვიად წამალაიძე, არსენ ხვედელიძე, იური ბაღათურია, დავით ჩოხელი, ალექსი მესტვირიშვილი, ირაკლი ლომიძე, დავით ლომიძე, თენგიზ ტორიაშვილი, გიორგი ადამოვი, თამარ ლომინაძე, ოთარ კემულარია, სანდრო მელქაძე, ანა ფალავანდიშვილი და სხვები, მეც მათ შორის; ATLAS ექსპერიმენტის წევრები კი არიან: ბესიკ კეკელია, საშა ალიხანოვი, ნიკა ცუცქირიძე, ელა ადამოვი და სხვები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის SHiP ექსპერიმენტის სრულფასოვანი წევრი 2025 წლიდან, მსოფლიოს 20 ქვეყნის 48 უნივერსიტეტს შორის. ჩვენ აქტიურად ვერთვებით ShiP-ის ძირითადი ამოცანების შესრულებაში. აქ საგულისხმოა 20 მმ დიამეტრის, სტროუ ტრეკული მილების წარმოება ექსპერიმენტისათვის. უნივერსიტეტში უკვე შექმნილია სტროუების წარმოების ლაბორატორია, რომელმაც წარმატებით აწარმოა 10 მმ-იანი სტროუ მილები COMET ექსპერიმენტისათვის, რომლებიც უკვე გაგზავნილია იაპონიაში, KEK-ში. ჩვენი მეცნიერები წარმატებით აწარმოებენ დეტექტორების აწყობას, ტესტირებას და ინსტალაციას ექსპერიმენტის პირველი ფაზისთვის. გარდა ამისა, ჩვენ სამეცნიერო ჯგუფი შესანიშნავადაა ინტეგრირებული მიონური დეტექტორის, ადრონული კალორიმეტრისა და მაღალი გრანულების კალორიმეტრის (High Granularity Calorimeter) კოლაბორაციებში, თანმიმდევრულად აფართოებს კვლევით არეალს და მიზნად ისახავს გამოწვევებზე ორიენტირებული ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელებას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გამოსვლის ბოლოს, შეჯამების მიზნით განაცხადა, CERN-თან მრავალწლიან უწყვეტ თანამშრომლობასა და ხელშესახებ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ შედეგებთან ერთად, იმ ქმედითი მხარდაჭერის საფუძველზე, რომელიც ქართულ სამეცნიერო-აკადემიურ ინსტიტუციებს აქვთ საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახისძისგან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრ გივი მიქანაძისგან, უკვე ჩამოყალიბებულია ობიექტური წინაპირობები ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) საქართველოს ასოცირებულ წევრად მიღების საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად. დავით გურგენიძის განცხადებით, CERN-ის ასოცირებული წევრობა საქართველოსთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე უნიკალური შესაძლებლობა, რითაც ქვეყანას საშუალება მიეცემა სრულფასოვნად, სისტემურად და ინსტიტუციური პასუხისმგებლობით ჩაერთოს როგორც ფუნდამენტური ფიზიკის უახლეს კვლევებში, ისე გამოყენებითი ფიზიკისა და საინჟინრო მეცნიერებების მაღალტექნოლოგიურ მიმართულებებში.
„CERN-ში ასოცირებული წევრობა სცდება მხოლოდ აკადემიურ თანამშრომლობას და იძენს ეროვნული განვითარების ინსტრუმენტის მნიშვნელობას: ეს არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს სამეცნიერო და აკადემიურ პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ქმნის რეალურ და მდგრად წინაპირობებს მიღებული ცოდნის, კვლევითი შედეგებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ტრანსფორმაციისათვის ეროვნულ ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ განვითარებაში. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე დარგების განვითარებას, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ გამოსვლის დასასრულს.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საჯარო მოხსენება და მასში წამოჭრილი საკვანძო საკითხები, როგორც ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების საუკეთესო საშუალება, მაღალ დონეზე შეაფასეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და აკადემიკოსებმა. CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობის შესახებ საკითხის დაყენების თაობაზე მოსაზრებები გამოთქვეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ. როგორც შეხვედრაზე საჯარო მოხსენების ავტორმა, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, სასურველი და აუცილებელია, რომ აღნიშნულ პროცესებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია წარმომადგენლობითად და აქტიურად იყოს ჩართული.