გიგი წერეთელი - ვისმენდით კორუფციაზე ხელისუფლების შეუბღალავი სახით წარმოჩენის მცდელობას და კატასტროფული ვითარებაა, ხოლო საგარეო პოლიტიკისთვის დრამატული და დაკარგული შესაძლებლობების წელია

ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან დრამატული და დაკარგული შესაძლებლობების წელი, რომელიც წინა პერიოდიდან მოდის, მაგრამ ამ წელს განსაკუთრებით გამოჩნდა ძველი ქმედებების შედეგები, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” 2025 წლის პოლიტიკურ ჭრილში შეფასებისას განაცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, “ქართული ოცნება” წლების განმავლობაში ამაყობდა კორუფციასთან დაკავშირებული მაჩვენებლით, საბოლოოდ კი, წლის ბოლოს, არაერთი მაღალი თანამდებობის პირი კორუფციული დანაშაულის გამო საპატიმროშია მოთავსებული.

“საგარეო პოლიტიკის ნაწილში რა შედეგებით შეიძლება დაიკვეხნოს არსებულმა ხელისუფლებამ? რომელიმე სეგმენტში ან სექტორში? კი, ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ ის, რომ ეკონომიკა გაიზარდა, წლების განმავლობაში ვისმენდით კორუფციაზე თუ სხვა თემაზე ხელისუფლების შეუბღალავი სახით წარმოჩენის მცდელობას და, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ყველაზე უფრო კატასტროფული ვითარებაა ამ თვალსაზრისით. ამდენი დაპატიმრებები, კორუფციული საქმეები, პრაქტიკულად, სეგმენტი და სამინისტრო არ დარჩა და თანამდებობის პირი, ისეთი უმძიმესი სურათი გვაქვს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ის ვერ იქნება განყენებული, წარმოუდგენელია, ქვეყნის შიგნით ასეთი რამ ხდებოდეს, მუდმივად იყოს მანიფესტაციები, პროტესტი, ამდენი პოლიტიკური პატიმარი და ეს არ აისახებოდეს საგარეო პოლიტიკაზე.

ზოგადად, მთელი წლის განმავლობაში ძალიან დაძაბული ვითარება იყო გარეთაც. ეს ყველაფერი, იგივე ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა, იგივე უკრაინის თემა, რომლითაც, დიდი იმედები იყო, რომ დაიხურებოდა ეს წელი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საქართველოზეც მოქმედებდა.

ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან დრამატული და დაკარგული შესაძლებლობების წელი, რომელიც წინა პერიოდიდან მოდის, მაგრამ ამ წელს განსაკუთრებით გამოჩნდა ძველი ქმედებების შედეგები. იგივე ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელმაც, პრაქტიკულად, საქართველოს ევროპასთან ურთიერთობების დასრულება მოიტანა. ძალიან ბევრ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობები გაჩერებულია. საუბარია უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც და პირველი ნაბიჯი გადადგმულია იმ თვალსაზრისით, რომ მაღალჩინოსნებსა და ბიუროკრატიას შეიძლება შეუჩერდეს.

ეს ყველაფერი იმდენად სერიოზული და მძიმეა, რომ არ ვიცი, მეტი როგორი შეფასება უნდა გაკეთდეს. რომ გავაანალიზოთ კრიტიკული წერილების, განცხადებების რაოდენობა, ევროპარლამენტი იქნება ეს თუ ცალკეული სხვადასხვა ინსტიტუტი, ალბათ, რეკორდსმენი იქნება საქართველო მიღებული ნეგატივითა და კრიტიკით, იმის გამო, რაც ხდება”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!