„ქართული ოცნების“ დელეგიტიმაცია გაღრმავდა და შესაბამისად, რეპრესიული მექანიზმები გაძლიერდა, რამაც თავის მხრივ, წინააღმდეგობის მოძრაობის სტაბილურობა განაპირობა - რაც მეტად იზრდება „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის ხარისხი და ძალაუფლების მადა, მით უფრო ძლიერი და სტაბილურია წინააღმდეგობის მოძრაობა! 2025 წელი ამით არის აღბეჭდილი, - ასე აჯამებს განვლილ წელს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
როგორც კაჭკაჭიშვილმა გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი შეუმცირდა. მისი თქმით, 2025 წელს ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა თბილისში არსებითად, რადიკალურად შემცირებულია და არის 15-20%-ის ფარგლებში. რაც შეეხება მთლიანად საქართველოს, კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი 35%-ის ფარგლებშია.
„2025 წელი, ერთი მხრივ, ნამდვილად აღბეჭდილი იყო „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისა და ავტორიტარული ძალაუფლების გაღრმავებით, უამრავი რეპრესიული მექანიზმის ინიცირებით, რაც ძალაუფლების ძალადობრივად შენარჩუნებას ემსახურება. მეორეს მხრივ, 2025 წელი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ წინააღმდეგობის მოძრაობის სტაბილურობის წელი იყო - რაც მეტად იზრდება „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის ხარისხი, რაც მეტად იზრდება „ქართული ოცნების“ ძალაუფლების მადა, რაც მეტ რეპრესიულ მექანიზმს იყენებს ის, მით უფრო ძლიერი და სტაბილურია წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც რაოდენობრივი თვალსაზრისით შესაძლოა მასშტაბურად - იმ დოზით, რა დოზითაც ოპოზიციური განწყობები არსებობს - გამოხატული არ არის, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ქართულ საზოგადოებას თავი ვერ მოაწონა და საკუთარი ძალაუფლების სამართლიანობაში ვერ დაარწმუნა.
რატომ სჭირდება ხელისუფლებას რეპრესიული მექანიზმების შემოღება? - სჭირდება იმიტომ, რომ საზოგადოებაში ნდობას და ლეგიტიმაციას კარგავს. „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის ხარისხის ზრდა, მის მიმართ ნდობის - ლეგიტიმაციის შემცირებამ განაპირობა. ამითაც არის 2025 წელი აღბეჭდილი“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
სოციოლოგის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტურად მკაფიოდ აჩვენა, რომ მისი ავტორიტარიზმი შორს არის როგორც ევროპული კონსერვატორიზმისგან, ასევე რადიკალური მემარჯვენე იდეოლოგიისგან. კაჭკაჭიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არსებითი მსგავსება რუსულ და ბელარუსულ ავტორიტარულ რეჟიმებთან აქვს.
„მის მიერ შემოტანილი ახალი სამართლებრივი რეგულაციები საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეწინააღმდეგება. „ქართულ ოცნებას“ რუსულ და ბელარუსულ ავტორიტარულ რეჟიმებთან სიღრმისეულად ისიც აკავშირებს, სურს პოლიტიკურ ველზე მეტ-ნაკლებად წონადი ოპოზიციური სპექტრის გარეშე დარჩეს. 2025 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა და მიზანმიმართული პოლიტიკა გაატარა იქითკენ, რომ მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიები ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს, ველი მოასუფთაოს და სიმულაციური-კვაზი ოპოზიციის ამარა დარჩეს.
ოპოზიციის გაქრობა არც ერთ ევროპელ პოლიტიკოსს თავში არ მოუვა, როგორ რადიკალურ მემარჯვენე იდეებს არ უნდა ახორციელებდეს ის. ეს სუფთა რუსული და ბელარუსული მეთოდია. ყველაზე კარიკატურული არის ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთა აკრძალვაც ჯერ „ქართულ ოცნებას“ არ მოუთხოვია, აკრძალვის საფრთხის წინაშე დადგებიან, როგორც კი მოძლიერდებიან. მან ეს პირდაპირ თქვა. „ქართულ ოცნებას“ სურს პოლიტიკა ოპოზიციის გარეშე აწარმოოს, რაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად რუსული და ბელარუსული ავტორიტარიზმია“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
კაჭკაჭიშვილი „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკაზე საუბრისას ამბობს, რომ საქართველო ალიანსებისა და მეგობრების გარეშე რჩება, რა პირობებშიც რუსეთი საქართველოს ნებისმიერ დროს საკუთარ ლუკმად გაიხდის.
„ნატოზე აღარც არის საუბარი. ევროკავშირის პერსპექტივა, რომელიც რეალურად საქართველოს ხვალინდელი დღე იყო, პრაქტიკულად გაუქმებულია. „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ ეს 2028 წელს ან 2030 წელს მოხდება, აბსოლუტურად არარეალისტურია. „ქართული ოცნების“ ხელში ვერავითარ ევროკავშირთან დაახლოებას ვერ მივაღწევთ. საქართველოს ალიანსების გარეშე დატოვება ნიშნავს გარანტირებულ რისკს უსაფრთხოების გზაზე - საქართველო ხდება აბსოლუტურად მოწყვლადი რუსეთის წინაშე, რომელსაც იმპერიალისტური ამბიციები და მისწრაფებები სულ აქვს. საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და რჩება მარტო რუსეთის ხელში, რომელიც საქართველოს ნებისმიერ დროს თავის ლუკმად გაიხდის.
საქართველომ ყველაზე უფრო ერთგული მეგობრები მოიძულა და დარჩა შიშველი ხელებით რუსული იმპერიალიზმის წინაშე.
ერთი ძალიან სევდიანი შედეგი, რაც 2025 წლის მოვლენებმა მოიტანა, არის ის, რომ ოპოზიციური ამომრჩევლების მნიშვნელოვან ნაწილს არჩევნების - როგორც ძალაუფლების შეცლის ლეგიტიმური მექანიზმის მიმართ ნდობა არა აქვს. ეს ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, სადაც ოპოზიციური ამომრჩეველი მინიმალურად მივიდა. არჩევნებს საზოგადოება ძალაუფლების ცვლის ლეგიტიმურ მექანიზმად აღარ განიხილავს. ეს ძალიან ტრაგიკული შედეგია - საზოგადოებამ არჩევნების მიმართ ნდობის დაბრუნება რაღაცნაირად უნდა შეძლოს, რადგან ამ მექანიზმის გარეშე ძალაუფლებას სხვა ინსტრუმენტები ცვლის, რაც შესაძლოა „ქართული ოცნების“ ძალაუფლების გამყარებას უწყობდეს ხელს“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.